სამხრეთ ამერიკაში ლეგენდარული ავტომარათონი – „დაკარი 2018“ დაიწყო და მისი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა – ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ანდრე ვილაშ-ბოაშის გამოსვლა გახდა.
გაიმართა პირველი ეტაპი. მისი სიგრძე მხოლოდ 31 კილომეტრი იყო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ავტომობილების კლასში „ტოიოტათი“ გამოდის, ეტაპი 46-ე ადგილზე დაასრულა. ის გამარჯვებულს 11 წუთით ჩამორჩა.
გამარჯვებული კი ნასერ ალ-ატიია გახდა, რომელმაც უახლოეს მდევარ ბერნჰარდ თენ ბრინკეს 25 წამი მოუგო. მოულოდნელად, სუსტად გამოიყურებოდნენ ფავორიტები: მოქმედ ჩემპიონს სტეფან პეტერანსელს მე-11 შედეგი ჰქონდა, სირილ დეპრეს – მე-15, კარლოს საინსს – მე-16 და სებასტიან ლოებს – 28-ე.
რაც შეეხება მოტოციკლების კლასს, აქ მოქმედმა ჩემპიონმა, სემ სანდერლენდმა გაუსწრო ყველას. თუმცა, მასთან წუთზე ნაკლები წააგეს ადრიენ ვან ბევერენმა, პაბლო კინტანილიამ და ხოან ბარედა ბორდმა. ასევე აღსანიშნავია ლაია სანსი – გოგონამ მე-12 დრო აჩვენა.