დაფიქსირებულია პირდაპირ ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

13:19, 22.09.2026

ამ ეტაპზე არ არსებობს დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება, მაგრამ მეცნიერები მუდმივად ეძებენ და უსმენენ ნიშნებს იმისა, რომ სინამდვილეში სამყაროში მარტონი არ ვართ.

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრისა და ორეგონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ იუწყება — პირველად ისტორიაში, დაფიქსირებულია რადიოსიგნალი, რომელიც პირდაპირ ეგზოპლანეტიდან, ანუ მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტიდან მოდის.

აქამდე, პლანეტის შემცველ სისტემებში რადიოსიგნალების დაფიქსირების დროს შეუძლებელი იყო ცალსახად იმის დადგენა, რომ ისინი თავად პლანეტებიდან მოდიოდა და არა იმ ვარსკვლავიდან, რომლის გარშემოც ეს პლანეტები მოძრაობს.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არაა უცხოპლანეტელთა მიერ კავშირის დამყარების მცდელობა.

ესაა სიგნალი, რომელიც ეგზოპლანეტის პოლარული ნათებისგან მოდის, რომელსაც დამუხტულ ნაწილაკთა ატმოსფერულ და მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებისას გამოყოფილი ენერგია წარმოქმნის. პოლარული ნათება დედამიწასაც აქვს, ჩრდილოეთის და სამხრეთის პოლარული ციალის სახით.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლარული ნათების რადიოანთებები დაფიქსირებულია მზის სისტემის პლანეტებსა და ზოგიერთ ულტრაცივ ჯუჯებზე, ამ დრომდე რადიოსიგნალები დაფიქსირებულია მხოლოდ დედავარსკვლავიდან და არცერთხელ ეგზოპლანეტიდან. დავაფიქსირეთ სწრაფი, განმეორებადი და ძლიერ წრიული პოლარიზებული ანთებები, ასევე მდგრადი ემისია 0,85 – 3,5 GHz სიხშირეებზე“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ეს ის სიხშირეებია, რომლებიც მკვლევრებმა დაფარეს სამხრეთ აფრიკაში მდებარე MeerKAT რადიოტელესკოპთა წყებით, ოთხ სხვადასხვა დროს 2025 და 2026 წლებში.

ტელესკოპთა ფოკუსი იყო ვარსკვლავი მხატვრის ბეტა, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 63,4 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ვიცით, რომ მის გარშემო სამი პლანეტა მოძრაობს: მხატვრის ბეტა b, მხატვრის ბეტა c და მხატვრის ბეტა d.

დაკვირვებების შედეგად მიიღეს მოკლე, განმეორებადი რადიოანთებები, რომელთა რადიოტალღებიც ძლიერ წრიულად იყო პოლარიზებული. ეს გახლავთ პოლარული ნათების მიერ გამოყოფილი სიგნალის კლასიკური ხელწერა.

საყრდენი წერტილის სახით გალაქტიკის სუპერკაშკაშა ბირთვების, ანუ კვაზარების გამოყენებით, მკვლევრებმა დიდი სიზუსტით დაადგინეს, რომ სიგნალებს გზავნიდა პლანეტა b და არა ვარსკვლავი მხატვრის ბეტა.

მხატვრის ბეტა „ადრეული ტიპის“ ვარსკვლავია, ანუ არის მზის მსგავს ვარსკვლავებზე უფრო ცხელი, დიდი და სტრუქტურულად სხვანაირი.

„არ არსებობს ადრეული ტიპის ვარსკვლავებში რადიოგამისხივების გამომწვები ჩვენთვის ცნობილი რომელიმე ფიზიკური მექანიზმი, რომლითაც შეიძლება აიხსნას ჩვენ მიერ დაფიქსირებული გამოსხივება“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევრებმა აჩვენეს, რამდენად სასარგებლოა მსგავსი რადიოსიგნალის გამოცალკევება. მისი მახასიათებლები მიუთითებს ელექტრონულ ციკლოტრონულ მეიზერის არამდგრადობაზე (ECMI), რაც იგივე პროცესია, რომელიც დედამიწასა და იუპიტერზე წარმოქმნის პოლარულ ნათებას.

ამას გარდა, ECMI-ები გვაწვდის მინიშნებებს პლანეტის მაგნიტური ველის შესახებაც.

როგორც ჩანს, მხატვრის ბეტა b-ს განსაკუთრებით ძლიერი მაგნიტური ველი აქვს, რომელიც ჯდება წინა მოდელში პლანეტისა და მისი დინამოს (შიდა პროცესები, რომლებიც მაგნიტურ ველს გამოიმუშავებს) შესახებ.

„ეს წარმოადგენს ეგზოპლანეტის მაგნიტური ველის სიძლიერის პირველ პირდაპირ გაზომვას და შეესაბამება დინამოს მასშტაბირების პროგნოზებს ახალგაზრდა, მასიური გიგანტური პლანეტისთვის“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ პლანეტა b-ს აქვს ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი, დედამიწისაზე ათასობით ძლიერი და მის პოლარული ნათების რადიოგამოსხივებას შეიძლება განაპირობებდეს მისივე სწრაფი ბრუნვა (საკუთარი ღერძის გარშემო ერთ შემობრუნებას პლანეტა 8-9 საათს ანდომებს).

მხატვრის ბეტა b პირველად 2008 წელს აღმოაჩინეს და ის უზარმაზარია — იუპიტერზე დაახლოებით 10-ჯერ მასიური.

ამჯერად, ის პირველი ეგზოპლანეტა გახდა, რომელზეც მკაფიო რადიოსიგნალი დააფიქსირეს.

ახლა ასტრონომებმა თვალი სხვა პლანეტებს დაადგეს. განსაკუთრებით შვიდ სხვა გიგანტურ პლანეტას ხუთ ახლომდებარე ვარსკვლავურ სისტემაში, რომლებიც მალე შეიძლება იმ მეთოდებით შეისწავლონ, რითაც მხატვრის ბეტა b.

„შემდეგი თაობის რადიოდაკვირვებებში ინსტრუმენტთა მგრძნობელობის 5-7-ჯერ გაზრდა მათ დაფიქსირების ფარგლებში მოაქცევს“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა რეცენზირებულ ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი