სასიცოცხლო ზონაში მდებარე დედამიწის მსგავს პლანეტასთან ატმოსფერო აღმოაჩინეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

13:21, 17.07.2026

სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტათა ძებნა ეფუძნება ორ ძირითად კრიტერიუმს — ისეთი პლანეტების პოვნა, რომელიც შემადგენლობით დედამიწას ჰგვანან და მდებარეობენ თავიანთ ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში, სადაც შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა.

უკვე 20 წელზე მეტია, ასტრონომები აფიქსირებენ ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს. თუმცა, მხოლოდ დედამიწისგან განსხვავებულ, დიდ, გაზით გაბერილ და ძლიერ დასხივებულ პლანეტებზე.

მაგრამ ამჯერად, ატმოსფერო ასტრონომებმა ბოლოს და ბოლოს დააფიქსირეს ფართოდ შესწავლილ, სიცოცხლისთვის პოტენციურად ხელსაყრელ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა LHS 1140 b-ის გარშემო.

„პირველი შემთხვევაა, როცა ვინმემ ატმოსფერო იპოვა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მოძრავ კლდოვან პლანეტაზე“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი კოლინ ქერაბიმი.

LHS 1140 b მასით დედამიწას ხუთჯერ აღემატება, რადიუსით კი 1,7-ჯერ. ეს მაჩვენებლები შეესაბამება კლდოვან, დედამიწის მსგავს შემადგენლობას და დაბალი სიმკვრივის დამატებით შემავსებელს, როგორიცაა თხელი ატმოსფერო და ალბათ გარკვეული ოდენობის წყალიც.

ამას გარდა, LHS 1140 b ძირითადი სამიზნეა იმიტომაც, რომ მიეკუთვნება ჩვენგან დაახლოებით 50 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სისტემას — გარს უვლის წითელ ჯუჯას, რომელსაც მზის მასისა და ზომის დაახლოებით ერთი-მეხუთედი აქვს და ტემპერატურაც გაცილებით დაბალია.

„20 წლის წინ გვაინტერესებდა, არსებობდა თუ არა სხვა კლდოვანი პლანეტებიც. შემდეგ გავიგეთ, რომ ისინი საკმაოდ უხვადაა და ზოგიერთი სასიცოცხლო ზონაშიც მდებარეობს. შემდეგი კითხვა იყო, ჰქონდა თუ არა ზოგიერთ მათგანს ატმოსფერო. ახლა ვიცით, რომ სულ მცირე ერთს მაინც აქვს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი რობინ ვორდსვორთი.

წარსულში ქერაბიმი პროგნოზირებდა, რომ LHS 1140 b-ს ჰელიუმის ატმოსფერო უნდა ჰქონოდა; ამ დასკვნამდე ის მივიდა მასის დაფრაქციების პროცესის კომპიუტერული მოდელის გამოყენებით.

მისი მოდელი ვორდსვორთის ხელმძღვანელობით შეიქმნა და „აჩვენებს, რომ სასიცოცხლო ზონაში პლანეტამ შეიძლება დაკარგოს წყალბადი და შეინარჩუნოს ჰელიუმი, რითაც დარჩება ჰელიუმ-დომინანტური ატმოსფერო — ამ პლანეტებს მე ჰელიუმის სამყაროებს ვეძახი“, — ამბობს ქერაბიმი.

„ეს პლანეტათა ახლად პროგნოზირებული კლასია, რომელთა შესახებაც ვირწმუნებოდი; ისინი შეიძლება არც ისე ეგზოტიკური იყოს, მაგრამ წარმოადგენდეს ბუნებრივ ნაბიჯს მრავალი პატარა პლანეტის ევოლუციაში. ამ პროგნოზის დატესტვა მსურდა და ვეძებდი გაქცეულ ჰელიუმს, ვიპოვე კიდეც“.

LHS 1140 b-ზე და მის დობილ პლანეტაზე დასაკვირვებლად, 2024 წლის სექტემბრის ერთ ღამეს, მკვლევრებმა გამოიყენეს ჩილეს ატაკამის უდაბნოში მდებარე ლას-კამპანასის ობსერვატორიის სპექტროგრაფი WINERED-ი; ამ დროს, ორივე პლანეტა ორბიტაზე თავიანთი ვარსკვლავის წინ გადიოდა (ჩვენი გადმოსახედიდან).

როდესაც მზის სხივები პლანეტის ატმოსფეროს გამოივლის, მეცნიერებს შეუძლიათ დაინახონ, სინათლის რომელი ტალღის სიგრძეები შთანთქა ატმოსფერომ.

ასე დაადგინეს, რომ LHS 1140 b აჩვენებდა ჰელიუმის ატმოსფეროს ნიშნებს, რომელიც კოსმოსში ასობით ათასი კილოგრამი წამში მაჩვენებლით იფანტებოდა.

ეს გადინება ვარსკვლავის რადიაციის მიერ 4700 გრადუს ცელსიუსამდეა გაცხელებული და სავარაუდოდ, ხელს უწყობს ვარსკვლავური ქარები ან პლანეტასა და ვარსკვლავს შორის მაგნიტური ურთიერთქმედება. ამას გარდა, ის ცვალებადიც ჩანს, რადგან მკვლევრებმა ის ვეღარ შენიშნეს, როცა პლანეტას ხელმეორედ დააკვირდნენ 2025 წელს.

საოცარია, მაგრამ ამ ატმოსფეროს LHS 1140 b უკვე სამ მილიარდ წელიწადზე მეტია, რაც ინარჩუნებს, მიუხედავად იმ სასტიკი ამოფრქვევებისა, რაც წითელ ჯუჯა ვარსკვლავებს ახასიათებთ.

„ეს პლანეტა თავის ვარსკვლავისგან იმ რადიაციის 42 პროცენტს იღებს, რასაც დედამიწა მზისგან. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის განმავლობაში მას დიდი ოდენობით რენტგენული და ულტრაიისფერი რადიაცია უნდა მიეღო (რაც კლდოვან პლანეტებს ატმოსფეროს აცლის), მას დღემდე შენარჩუნებული აქვს იმ ჰელიუმის რაღაც ნაწილი, რაც ალბათ პლანეტის წარმოქმნის დროს დაგროვდა“, — ამბობს ქერაბიმი.

მისი განცხადებით, მისი მოდელი მიუთითებს, რომ წარსულში მაღალი რადიაციის მიუხედავადაც კი, პლანეტა მაინც საკმარისად შორსაა თავის ვარსკვლავისგან, რომ შეინარჩუნოს პირველყოფილი ჰელიუმის დიდი ნაწილი.

შესაბამისად, ახლა ყურადღება გადადის ამ საინტერესო პლანეტის შემდგომ დახასიათებაზე, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მას ოკეანეები და სიცოცხლისთვის საჭირო სხვა მახასიათებლები.

ასეთმა მეთოდებმა შეიძლება ატმოსფეროს მქონე სხვა პლანეტებიც აღმოგვაჩენინოს, იქნებ უფრო მეტად მშვიდ ვარსკვლავებთან და უფრო მეტად დედამიწის მსგავსები.

და ბოლოს, ის ფაქტი, რომ აღმოჩენა მიწისპირა ტელესკოპით გაკეთდა, აჩვენებს, რომ ასეთი დაკვირვებები შეიძლება ისეთივე ხელსაყრელი იყოს, როგორც ჯეიმს ვებით ჩატარებული.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი