„დაე, რეკდეს თავისუფლების ზარები!“ - ინტერვიუ აფროამერიკული ლუთერანული ეკლესიის პასტორთან
„დაე, რეკდეს თავისუფლების ზარები!“ - ინტერვიუ აფროამერიკული ლუთერანული ეკლესიის პასტორთან

25 მაისის საღამოს მინესოტას ქალაქი მინეაპოლისი ხმაურმა და მძვინვარებამ მოიცვა.  აფროამერიკელი მამაკაცის გარდაცვალების გამო მინეაპოლისში დაწყებული პროტესტი ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებს, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მოედო.

კრიმინალური წარსულის მქონე ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩავიდა. მაღაზიაში ყალბი 20-დოლარიანის გამოყენებისთვის ის ოთხმა პოლიციელმა დააკავა. თითქმის 9 წუთის განმავლობაში პოლიციის ოფიცერი დერეკ შოვინი მას კისრის არეში მუხლით აწვებოდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა. ოთხივე პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს. მინეაპოლისი პროტესტის ეპიცენტრად გადაიქცა. შოვინი, რომლის წინააღმდეგაც წარსულში 18 საჩივარი იყო შესული, მალევე დააპატიმრეს, რამდენიმე დღეში დააკავეს დანარჩენი სამი პოლიციელიც.

დემონსტრაციების პირველ დღეებში რამდენიმე მეგაპოლისში აქციებმა მშვიდობიანი სახე დაკარგა და ვანდალიზმსა და შეტაკებებში გადაიზარდა. აქტივისტების ნაწილმა დაარბია და გაძარცვა მაღაზიები, დააზიანა კერძო საკუთრება, გააჩინა ხანძრები, გადაწვა პოლიციის მანქანები. კადრებზე აღიბეჭდა ძალის გადამეტება პოლიციის მხრიდანაც, რის გამოც გამოძიება დაიწყო. მოკლული ფლოიდის ძმამ ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრანტებს მშვიდობისკენ მოუწოდა. „მოდით, მშვიდობიანად გავაპროტესტოთ“, – თქვა მან.

ბოლო დღეების განმავლობაში აქციები შეერთებულ შტატებში მშვიდობიანად მიმდინარეობს. ახლა მთავარი მოთხოვნა პოლიციის რეფორმაა.

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ მოკლული მოქალაქეების 24 პროცენტი აფროამერიკელია. არსებობს ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის სტატისტიკაც: 2019 წელს პოლიციის მიერ მოკლულ მოქალაქეებს შორის 52 პროცენტი თეთრკანიანი, 32 პროცენტი აფროამერიკელია. იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებში თეთრკანიანების რაოდენობა აფროამერიკელების რიცხვს ექვსჯერ აღემატება, პოლიციამ შარშან ორნახევარჯერ მეტი შეუიარაღებელი აფროამერიკელი მოქალაქე მოკლა, ვიდრე თეთრკანიანი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ რასობრივ პრობლემებსა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების საკითხებზე საქართველოს პირველი არხის ანალიტიკური გადაცემა „ახალი კვირა“ ფილადელფიის აფროამერიკული ლუთერანული ეკლესიის პასტორს დაუკავშირდა. ჯოსეფ უოტკინსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში თეთრ სახლში მუშაობდა. მას ადამიანის უფლებების საკითხებში ერთ-ერთი მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

დიდი მადლობა, რომ თქვენი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენთვის დრო გამონახეთ. უკვე ორი კვირაა, რაც შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები მიმდინარეობს. პროტესტი ევროპას, ლათინურ ამერიკას და იაპონიასაც მოედო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რასიზმთან ბრძოლის დიდი და რთული გზა გაიარა, თუმცა ფაქტია, ბრძოლა თანასწორობისთვის ისევ გრძელდება. რამდენად მწვავედ დგას დღეს რასიზმის პრობლემა ამერიკაში?

ჩვენ რასიზმის 400-წლოვანი ისტორია გვაქვს. ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, მე ვიტყოდი, დიდ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა საბოლოო მიზნის მისაღწევად დროა საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს სხვა ადამიანების ხმა, მათი ტკივილი, მათი პრობლემები. აუცილებელია, ველაპარაკოთ ერთმანეთს, დავანგრიოთ ბარიერები. ფერადკანიან ადამიანებს დღევანდელ ამერიკაში აქვთ საშუალება, საკუთარ პრობლემებზე ხმა ამოიღონ. პროტესტი, რომელსაც ახლა ვუყურებთ,  მხოლოდ აფროამერიკელების პროტესტს არ გამოხატავს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს თეთრკანიანი და აფროამერიკელი მოქალაქეები თანასწორობისთვის ერთად იბრძვიან. მინეაპოლისში მომხდარი შემთხვევა ძალიან მიუღებელი აღმოჩნდა მილიონობით თეთრკანიანი ამერიკელისთვის. ეს არის იმის დასტური, რომ ბოლო ათწლეულებში პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა აფროამერიკელებს უღირსად ექცევიან. მინესოტას ქალაქ მინეაპოლისში სწორედ ეს მოხდა. ახლა მთავარია, ერთად შევქმნათ ისეთი საზოგადოება, რომლისთვისაც ადამიანის კანის ფერს მნიშვნელობა არ ექნება, შევქმნათ ისეთი საზოგადოება, როცა ადამიანებს ერთმანეთის სულის დანახვა შეეძლებათ და არავინ გაგკიცხავს კანის ფერის გამო, როცა თანასწორ მოქალაქედ მიგიჩნევენ, განურჩევლად რასობრივი კუთვნილებისა. კიდევ ერთხელ ხაზგაზმით აღვნიშნავ, ჩვენ მართლაც დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ კუთხით, მაგრამ გარკვეული გამოწვევების წინაშე მაინც ვდგავართ.

მიუხედავად მარტინ ლუთერ კინგის უდიდესი მემკვიდრეობისა, თანასწორობისთვის ბრძოლა მაინც გიწევთ. რა არის მთავარი ამ ბრძოლაში?

მთავარი ის არის, რომ ხალხის მიერ არჩეულმა მთავრობამ ხალხის მოთხოვნას შესაბამისად უპასუხოს. პირველ რიგში, მთავრობამ თვალი უნდა გაუსწოროს პრობლემას. იმედი მაქვს, ასეც იქნება. მეორე მხრივ, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, რის საფუძველზეც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევაში დაზარალებულ ადამიანებს სამართლებრივი ბერკეტი ექნებათ.

მას შემდეგ, რაც ოთხივე პოლიციელი დააპატიმრეს, დემონსტრანტები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ, კერძოდ, პოლიციის რეფორმას, რაზეც კონგრესში მუშაობა უკვე დაწყებულია. თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეული გამოწვევების წინაშე აფროამერიკელები დღესაც დგანან. სამართალდამცავი ორგანოების სისტემურ პრობლემას ხომ არ გულისხმობთ იმ სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც ადასტურებს, რომ ამერიკელი პოლიციელების ნაწილი ყოველწლიურად ორჯერ მეტ აფროამერიკელს კლავს, ვიდრე თეთკანიანს?

როგორც არაერთი ფერადკანიანი, ასევე თეთრკანიანი მოქალაქე ამბობს, რომ არსებობს პოლიციის სტანდარტი, როცა საჭიროების არარსებობის შემთხვევაში პოლიციის ოფიცერი დაკავებულის მიმართ ძალას იყენებს. თუ ეს სტანდარტი არ შეიცვალა, მინეაპოლისის ტრაგედია მომავალშიც განმეორდება.  ასევე, მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ნურავინ იფიქრებს და ნურც იტყვის, რომ პოლიციელების უმრავლესობა არაკეთილსინდისიერი მოქალაქეა, პირიქით, ამერიკელი სამართალდამცველების უმრავლესობა ძალიან წესიერი ადამიანია. მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი მისია – ხალხის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა, მაგრამ შესაბამისი გადამზადება როცა არ აქვთ გავლილი და არ იციან რთულ, სახიფათო ვითარებასთან გამკლავება, ზოგიერთ მათგანს ძალის გადამეტება უწევს. შესაბამისად, როცა ვსაუბრობ პოლიციის რეფორმაზე, პირველ რიგში, პოლიციის ოფიცრების გადამზადებას ვგულისხმობ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ამას აცნობიერებს და ისინი აუცილებლად განაგრძობენ პოლიციის რეფორმაზე მუშაობას. ეს იქნება გარდამტეხი მოვლენა თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესში.

თქვენ ფილადელფიის უძველესი აფროამერიკული ლუთერანული ეკლესიის პასტორი ხართ. გთხოვთ, გვიამბოთ თქვენს ეკლესიაზე. როგორია თქვენი ეკლესიის როლი აფროამერიკული საზოგადოების უფლებებისთვის ბრძოლის პროცესში?

დიახ, ეს არის პენსილვანიის ყველაზე ძველი ლუთერანული ეკლესია. ძალიან ბევრი ხალხი დადის ჩვენთან. მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, ბევრი უმუშევარია, ბევრიც პენსიონერი, მათ შორის არიან ომის ვეტერანები. ახალგაზრდებიც დადიან, ზოგიერთი კრიმინალური წარსულით, რომელთაც ცხოვრების ხელახლა დაწყება სურთ. მათ სურთ, რომ დაუახლოვდნენ ქრისტეს მოძღვრებას, უყვარდეთ მოყვასი და აღარავის ავნონ. არიან ისეთებიც, რომელთაც განათლება მიიღეს, წარმატებული კარიერა აქვთ, მაგრამ მოდიან ჩვენთან, რომ სხვა ადამიანებს დაეხმარონ. ყოველ კვირა დღეს, როცა ეკლესიაში უამრავი ადამიანი იკრიბება, მაქვს პატივი, ერთად ვიკითხოთ სახარება, გავიაზროთ იესო ქრისტეს სიტყვები, მისი განვლილი გზა და ვეცადოთ, ვიყოთ მეტად კეთილები, ვიდრე გუშინ ვიყავით და უანგაროდ ვიზრუნოთ ერთმანეთზე.

დღესაც მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოში რასიზმის, ეთნიკური და რელიგიური დევნის მსხვერპლი მილიონობით ადამიანია.  ამერიკის შეერთებულ შტატებში აფროამერიკელებმა  წარსულში რასიზმის წინააღმდეგ ურთულესი გზა გაიარეს. რა იქნებოდა თქვენი მესიჯი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ წუთებში დისკრიმინაციის და სეგრეგაციის წინააღმდეგ იბრძვიან?

მე არა მხოლოდ ამ ადამიანებს, მჩაგვრელებსაც მინდა მივმართო. გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ადამიანები არა კანის ფერის გამო, არამედ იმისთვის, რომ თქვენც შეგიყვარონ. წარმოიდგინეთ თქვენი თავები ჩაგრულთა ადგილას. ჩვენ ყველა ღმერთის შექმნილი არსებები ვართ,  ღმერთი ადამიანებს არ გვანსხვავებს კანის ფერის მიხედვით, მას ყველა ჩვენგანი უყვარს. შევიყვაროთ ღმერთი გულით და გონებით და გავაცნობიეროთ მისი სიტყვები – გიყვარდეს მოყვასი შენი. მოყვასის ეთნოსს, რელიგიას და კანის ფერს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა. ვიბრძოლოთ თანასწორობისთვის ისე, რომ პატივი ვცეთ სხვას და შევიყვაროთ მეზობელი, თანამოქალაქე ისე, როგორც გვინდა, რომ ჩვენ ვუყვარდეთ.

დიდი მადლობა. მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებით დაგემშვიდობებით: „დაე, რეკდეს თავისუფლების ზარები!“

მართლაც, დაე, რეკდეს თავისუფლების ზარები!

1963 წლის 28 აგვისტოს ვაშინგტონში ლინკოლნის მემორიალთან ამერიკელმა უფლებადამცველმა მარტინ ლუთერ კინგმა ისტორიული სიტყვა წარმოთქვა „მე მაქვს ოცნება“. იმავე დღეს მან თქვა: „დაე, რეკდეს თავისუფლების ზარები!“. მაშინ ამერიკაში აფროამერიკელების დისკრიმინაციის შემცველი კანონები მოქმედებდა. აქციას სულ მცირე 250 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიში ეს იყო ყველაზე მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელმაც ქვეყნის ისტორია შეცვალა.