ცნობილი ამერიკული გამოცემის აზრით, მამუკელაშვილს NBA-ის დრაფტზე მეორე რაუნდში აირჩევენ #1TVSPORT 
ცნობილი ამერიკული გამოცემის აზრით, მამუკელაშვილს NBA-ის დრაფტზე მეორე რაუნდში აირჩევენ #1TVSPORT 

29 ივლისს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტი გაიმართება, რომელიც ჩვენში უდიდესს ინტერესს იწვევს. როგორც ცნობილია, 2021 წლის დრაფტზე სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი მიიღებენ მონაწილეობას, შესაბამისად შემდეგი სეზონისთვის კალათბურთის საუკეთესო ლიგაში, შესაძლოა, გოგა ბითაძესთან ერთად კიდევ ორი ქართველი კალათბურთელი ვიხილოთ.

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Sports Illustrated-მა NBA-ის დრაფტის სავარაუდო ფიქები გამოაქვეყნა, სადაც ნავარაუდებია, რომ მამუკელაშვილს მეორე რაუნდში 58-ე ნომრად აირჩევენ.

„კოლეჯის არაორდინალური, მაგრამ ეფექტური მოთამაშე. მამუკელაშვილს აქვს მრავალფეროვანი უნარები –  მას შეუძლია პასი, ბურთის ტარება და სამქულიანების სროლა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ყურადღება მიაქციონ და დრაფტის მეორე რაუნდში მაინც აიყვანონ. ის არაა ათლეტური, მაგრამ საკმარისად აქვს ფიზიკური მონაცემები და უნარები, რომ NBA-ის გუნდის სათადარიგო მოთამაშე გახდეს. მას დაცვაში თამაში უჭირს, შესაბამისად ის 4 ნომერზე უკეთესი იქნება, ვიდრე 5-ზე, მას აქვს იმის უნარები, რომ პერიმეტრიდან გუნდს დაეხმაროს. მამუკელაშვილმა, შესაძლოა იმ გუნდების ყურადღება მიიქციოს, რომლებსაც სურთ სათადარიგოსთვის „დიდი ბიჭის“ დამატება“, – წერს Sports Illustrated სანდროზე.

სანდროს საშუალო სტატისტიკა წელს – 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა და 3.2 პასი

მამუკელაშვილისთვის ეს სეზონი ნამდვილად გამორჩეული იყო, გარდა იმისა, რომ ის სტუდენტური ლიგის კონფერენციის (Big East) წლის საუკეთესო კალათბურთელი გახდა, მან Met Basketball Writers-ის აღიარებაც დაიმსახურა და ლეიტენანტ ფრენკ ჯეი ჰაგერტის სახელობის ტიტული მიიღო, რომელიც ნიუ იორკის მეტროპოლიის სეზონის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა. სანდრო ასევე კარლ მელოუნის სახელობის ტიტულისთვის ბრძოლაშიც (წლის საუკეთესო მძიმე ფორვარდი) ფინალში გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პრიზი ვერ მოიპოვა.