მამუკელაშვილი ფინალშია - სანდრო კარლ მელოუნის პრიზისთვის ბრძოლას აგრძელებს
მამუკელაშვილი ფინალშია - სანდრო კარლ მელოუნის პრიზისთვის ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს ნაკრებისა და „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის სახელობის პრიზისთვის ბრძოლას აგრძელებს, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო თავდამსხმელს (მძიმე ფორვარდი) გადაეცემა.

ნოემბრის დასაწყისში სტუდენტური ლიგის კომიტეტმა ამ ჯილდოს მიღების 20 კანდიდატი დაასახელა, რომელთა რაოდენობაც იანვარში ათამდე შემცირდა, ახლა კი ცნობილი გახდა 5 ფინალისტი.

მამუკელაშვილის გარდა ამ პრესტიჟული ტიტულისთვის იბრძოლებენ: დრიუ ტიმი (გონზაგა), ტრეისი ჯექსონ-დევისი (ინდიანა), ჯასტინ ჩემპეინი (პიტსბურგი) და ჯერემია რობინსონ-ირლი (ვილანოვა).

„ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩვენ პრიზს გადავცემდით ნიჭიერ ათლეტებს. მოთამაშე, რომელიც ამ ჯილდოს საძმოს შეუერთდება უნდა იამაყოს, რომ ასეთ ელიტურ ადამიანებში მოხვდა“, – განაცხადა ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარლ მელოუნმა.

წლის საუეკთესო მძიმე ფორვარდს 9 აპრილს, ESPN-ის ეთერში გამოაცხადებენ. კარლ მელოუნის პრიზი აქამდე არაერთ ცნობილ კალათბურთელს მიუღია. მათ შორის არიან ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანსი) რომელიც NBA-ს ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მონტრეზლ ჰარელი (ლეიკერსი), რომელიც ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.

მამუკელაშვილი  ამ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. 21 წლის კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 17.8 ქულას, 7.1 მოხსნას და 3.1 პასს აგროვებს.