ცინცინატის ტურნირი მედისონ კისმა მოიგო
ცინცინატის ტურნირი მედისონ კისმა მოიგო

ცინცინატის ქალთა ტურნირის ტრიუმფატორი გახდა ამერიკელი მედისონ კისი, რომელმაც ურთულეს ბრძოლაში მოუგო ფინალი რუს სვეტლანა კუზნეცოვას – 7:5, 7:6(5).

ორივე სეტში კუზნეცოვა 5:3-ს იგებდა და ერთი გეიმი სჭირდებოდა პარტიის მოსაგებად, მაგრამ კისმა ორივეჯერ შეძლო ქამბექის შესრულება, თანაც ისე, რომ ერთხელაც არ მიუშვა მეტოქე სეტბოლამდე. ეს კისისთვის მეორე ტიტულია 2019 წელს და მეხუთე – კარიერაში. ამ მოგებით 2017 წლის აშშ-ის ღიას ფინალისტი რეიტინგის საუკეთესო ათეულში ბრუნდება.

კისმა ფინალში 13 ეისი ჩააწოდა, 43 „ვინერსი“ და 33 უნებლიე შეცდომა დააგროვა და შვიდიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. კუზნეცოვასაც შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მეტოქის მხოლოდ ორი მოწოდება აიღო.

ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 4:0 გახდა. კისს არც ერთი პარტია არ წაუგია რუსთან შეხვედრებში.