ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის „ალ შამალმა“ მორიგი შეხვედრა გამართა. ქართველი კალათბურთელების გუნდმა პირველი მარცხი სტუმრად უშუალო კონკურენტ „ალ აჰლისთან” განიცადა (71-63)
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი ცინცაძე გახდა. მან 33 წუთში 26 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 11-დან 7 ორქულიანი, 9-დან 2 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. ცინცაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
სასტარტო ხუთეულში დაიწყო შეხვედრა მიხეილ ბერიშვილმა. 38 წუთში ბერიშვილმა 8 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა მსროლელმა 3-დან 1 ორქულიანი და 10-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, 2 შეცდომა ჰქონდა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
„ალ შამალი” სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 დეკემბერს, სტუმრად, ერთ-ერთ აუტსაიდერ „ალ გარაფასთან” ჩაატარებს.