ჩვიდმეტწლამდელთა საერთაშორისო შვიდკაცას ტურნირი „ხვამლმა“ მოიგო
ჩვიდმეტწლამდელთა საერთაშორისო შვიდკაცას ტურნირი „ხვამლმა“ მოიგო

მარტყოფის საერთაშორისო, 17-წლამდე მორაგბეთა შვიდკაცა ტურნირის გამარჯვებული თბილისის „ხვამლი“ გახდა, რომელმაც დაძაბულ ფინალში შევარდენის აკადემია 19:14 დაამარცხა.

ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა და მათგან სამი სამხრეთ აფრიკული იყო – „ლომები“, „მარტორქები“ და „ლეოპარდები“, რომლებიც ამ ქვეყნის სხვადასხვა სკოლების ნაკრებებს წარმოადგენდნენ. ტურნირში თამაშობდა შვიდი ქართული კლუბი, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, ასევე ეროვნული აკადემიის ისნისა და მუხიანის ფილიალების ნაკრებები.

ჯგუფური ეტაპი სამ-სამი გამარჯვებით მხოლოდ ორმა გუნდმა დაასრულა – შევარდენის აკადემიამ და „ხვამლმა“. მათ წარმატებული სვლა ფლეი ოფშიც გააგრელეს. „ხვამლი“ „ხარებთან“ დებიუტში ჩამორჩა, თუმცა საბოლოოდ 36:5 იმარჯვა, ხოლო შევარდენის აკადემიამ „ლოკომოტივს“ შანსი არ დაუტოვა – 33:0. მეოთხედფინალში დამარცხდა ორივე სამხრეთ აფრიკული გუნდი. „ლელო სარასენსმა“ „მარტორქებს“ გასაქანი არ მისცა (52:7), ხოლო მუხიანის აკადემიამ „ლომებს“ გამარჯვების ლელო ბოლოს გაუტანა – 17:14.

ნახევარფინალში „ხვამლსა“ და „ლელოს“ შორის ტრადიციულად, დაძაბული ბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ გამარჯვება „ხვამლს“ დარჩა (26:12), რომელსაც ფინალში შევარდენის აკადემია ერგო, რომელმაც მუხიანელებს 31:14 მოუგო.

ფიალა და მე-9 ადგილი „აკადემიას“ ერგო, რომელმაც „ჯიქს“ 24:10 აჯობა. მე-7 ადგილისთვის მატჩში „ლოკომოტივმა“ „მარტორქები“ 26:5 დაამარცხა, სინი აფრიკელებს ერგოთ, „ლომებმა“ „ხარებს“ 19:7 მოუგეს, ხოლო მესამე ადგილი მუხიანის აკადემიას უბრძოლველად მიეკუთვნა – „ლელო სარასენსი“ თამაშზე არ გამოცხადდა.

ფინალურმა მატჩმა სტატუსი გაამართლა. შევარდენის აკადემია ორი გარდასახული ლელოთი 14:0 დაწინაურდა. „ხვამლმა“ ერთი ლელო ტაიმის მიწურულს გაქვითა, მეორე თამაშის განახლებისთანავე და გარდასახვით სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანა. გაწითლებულ დროზე „ხვამლმა“ მესამე ლელოც გაიტანა, 19:14 იმარჯვა და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს, ხოლო ფიალის, სინისა და თასის ფინალის გამარჯვებულმა გუნდებმა თასები ჩაიბარეს.

5 დეკემბერი

თასის მეოთხედფინალები

ლელო სარასენსი – მარტორქები (სამხრეთ აფრიკა) 52:7

ხვამლი – ხარები 36:5

მუხიანის აკადემია – ლომები (სამხრეთ აფრიკა) 17:14

შევარდენის აკადემია – ლოკომოტივი 33:0

ფიალის ნახევარფინალები

აკადემია – ლეოპარდები (სამხრეთ აფრიკა) 19:14

კოლხი რაინდები – ჯიქი 0:12

სინის ნახევარფინალები

მარტორქები (ს.ა.) – ხარები 7:25

ლომები (ს.ა.) – ლოკომოტივი 45:0

თასის ნახევარფინალები

ლელო სარასენსი – ხვამლი 12:26

მუხიანის აკადემია – შევარდენის აკადემია 14:31

მე-11 ადგილისთვის

ლეოპარდები (ს.ა.) – კოლხი რაინდები 33:31

ფიალა

აკადემია – ჯიქი 24:10

მე-7 ადგილისთვის

მარტორქები (ს.ა.) – ლოკომოტივი 5:26

სინი

ხარები – ლომები (ს.ა.) 7:19

მესამე ადგილისთვის

მუხიანის აკადემია – ლელო სარასენსი 30:0

თასის ფინალი

ხვამლი – შევარდენის აკადემია 19:14

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი