ჩვენს მეტოქე ყაზახეთის ნაკრებს, სავარაუდოდ, ისევ ადიევი გაწვრთნის #1TVSPORT
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს მეტოქის, ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ადიევმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მუშაობას ისევ აზიური ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გააგრძელებს – ამის შესახებ მან კომენტარი „რბ სპორტთან“ გააკეთა.
„ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დასკვნით ეტაპზეა. დიდი ალბათობით, მუშაობას ეროვნულ ნაკრებში გავაგრძელებ. რეალური შემოთავაზებები მქონდა რუსული კლუბებიდან, მაგრამ ეს უკვე წარსულშია. ამაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს.
რატომ გადაწყვიტე ნაკრებში მუშაობის გაგრძელება? განსაკუთრებული გრძნობაა, როცა ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობ. ვფიქრობ, რომ მწვრთნელისთვის ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მის კარიერაში მოხდეს.
წინ დიდი ტურნირია, მინდა ვცადო, რომ იქ რაღაც გავაკეთო ქვეყნისთვის, საკუთარი თავისთვის, მაგრამ მე არ დამიკეტავს კარი საკლუბო ფეხბურთისთვის. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – განაცხადა ადიევმა.
ადიევი ჩეჩნეთიდანაა. ის 2022 წლის 27 აპრილიდან ხელმძღვანელობს ყაზახეთის ნაკრებს, რომელმაც პირველად სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოახერხა წარმატების მიღწევა და ერთა ლიგაში ჯგუფის გამარჯვებული გახდა. ადიევის გუნდმა აზერბაიჯანის, სლოვაკეთისა და ბელორუსიის ნაკრებებს გაუსწრო.
საქართველოს და ყაზახეთის ეროვნული ნაკრებები ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს 2024 წლის მარტში შეხვდებიან. მატჩი თბილისში გაიმართება.