ჩრდილოეთ მაკედონიის ყოფილი თავდამსხმელი ანგელოვსკის ხელს ადებს - მას ნაკრებში „თავისი“ ფეხბურთელები ჰყავს
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ადის იაჰოვიჩი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს იგორ ანგელოვსკის დაუპირისპირდა – „ანთალიასპორის“ 33 წლის თავდამსხმელის თქმით, ანგელოვსკის ნაკრებში ე.წ. „თავისი“ ფეხბურთელები ჰყავს.
იაჰოვიჩი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ანგელოვკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2016 წელს ნაკრებში თამაშზე უარი თავად თქვა და ამას ტყუილი უწოდა.
„დაავიწყდა, რომ ნაკრებში საკუთარი მოთამაშეები ჰყავს თუ იმის თქმა უბრძანეს, თითქოს, ეროვნულ გუნდში თამაში აღარ მსურს?! გადახედოს ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ჩემს სტატისტიკას და სათქმელი არაფერი ექნება. ჩემთვის ერთხელაც არ დაურეკავს, ადის, ეროვნულ გუნდს სჭირდებიო. მსოფლიოში ერთი ფეხბურთელიც არაა, ვისაც თავის სამშობლოს სახელით თამაში არ სურს. მე არ ამიწყვია ჩემი კარიერა იმით, რომ ვინმეს ფეხბურთელი ვიყავი, ნაკრებში ჩემი სტატისტიკით და გოლებით მივედი. ჩემს ბოლო განცხადებაში კი სხვა რამ ვთქვი – ეროვნულ გუნდს თუ დავჭირდები და ფიქრობენ, რომ დახმარება შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის და სათამაშოდ ყოველთვის მზად ვიქნები. და თუ მე მხოლოდ იმიტომ მიწვევენ, რომ ვარჯიშის შემდეგ დავიბანო, მაშინ ნუ მომძებნიან, მადლობა და წარმატებები“, – ამბობს იაჰოვიჩი.
ადის იაჰოვიჩი 2016 წლიდან თურქეთში თამაშობს „გიოზტეპეში“ 51 მატჩში 35 გოლი გაიტანა, „კონიასპორში“ (2018-2019) 43 შეხვედრაში 17 გოლი, „მალატიასპორში“ (2019-2020) 18 თამაშში 11 გოლი, ხოლო 2020 წლიდან დღემდე „ანტალიასპორშია“ და 12 შეხვედრაში 6 გოლის ავტორი გახდა. ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდში 2012-2016 წლებში გამოდიოდა (15 მატჩი, 4 გოლი).