ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მეკარე ვერ მოდის - მას კორონავირუსი დაუდასტურდა
ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის შეკრება დაიწყო, მაგრამ გუნდთან არაა სათადარიგო მეკარე დანიელ ბოჟინოვსკი – „სილექსის“ მეკარეს COVID-19–ის ტესტირებისას დადებითი შედეგი დაუფიქსირდა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ნოემბერში „ევრო2020“-ის პლეიოფის ფინალში საქართველოს 12 ნოემბერს შეხვდება, მერე კი ერთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრას გამართავს ესტონეთთან (15 ნოემბერი) და სომხეთთან (18 ნოემბერი).
„სილექსის“ მეკარემ ტესტი ჩააბარა კვირას, სკოპიეში შეკრებაზე გამოცხადებისთანავე და დადებითი შედეგის დადასტურებისთანავე დატოვა სასტუმრო, სადაც ბალკანელთა ეროვნული ნაკრები დაბინავდა. მაგრამ მათი მედიის ცნობით, გუნდის პერსონალთან და ფეხბურთელებთან კონტაქტი არ ჰქონია.
„სამწუხაროდ, კორონავირუსი დამიდასტურდა და გარკვეული დრო კარანტინში უნდა გავატარო. არანაირი სიმპტომი არ მაქვს, მაგრამ გარკვეული პერიოდი თანაგუნდელებისგან იზოლირებულად უნდა ვიყო. მე ვიქნები გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი”, – თქვა დანიელ ბოჟინოვსკიმ.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელმა ის მეოთხე მეკარედ გამოიძახა და ამრიგად, მისი არყოფნა გუნდს დიდად არ დაეტყობა. მედიის ცნობით, იგორ ანგელოვსკი მის შემცვლელ მეკარეს საქართველოში არ წამოიყვანს.