ჩრდილოეთ კაროლინის შტატის საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელი კანდიდატებს არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს
ჩრდილოეთ კაროლინის შტატის საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელი კანდიდატებს არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელი კანდიდატებს არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის საარჩევნო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, კარენ ბრინსონ ბელმა განაცხადა, რომ წელს მისმა შტატმა, წინა არჩევნებთან შედარებით, მეტი სამუშაო გასწია შესაძლო საფრთხეების პრევენციისთვის.

„მინდა, მოვუწოდო კანდიდატებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას: უზრუნველყავით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, მიიღეთ შედეგები. საჭიროების შემთხვევაში, აღიარეთ მარცხი“, – განაცხადა ბრინსონ ბელმა და დასძინა, რომ არჩევნებს მართავენ ორპარტიული საზოგადოების წევრები, რომლებმაც ფიცი დადეს, რომ უზრუნველყოფენ შედეგების ზუსტად დადგენას.

ბრინსონ ბელის თქმით, ზოგიერთმა საარჩევნო ოფისმა დაამონტაჟა განგაშის ღილაკები და გააძლიერა შესასვლელების უსაფრთხოება.

„მე, თითქმის 19 წელია, ვმუშაობ არჩევნებზე და ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილის განმავლობაში არჩევნების შემდგომი მტრული დამოკიდებულება, მუქარა და შევიწროება არ იყო ის, რისთვისაც ვემზადებოდით, თუმცა ახლა ეს ნამდვილად ასეა“, – აღნიშნა ბრინსონ ბელმა.

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა გაიხსენა შევიწროება და მუქარა, რომელსაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჯორჯიის, არიზონის, მიჩიგანისა და სხვა საკვანძო შტატების მოხელეები წააწყდნენ.

„ჩვენ ვცადეთ, მათგან გვესწავლა, გაგვეგო, რა ურთიერთობები გვჭირდება სამართალდამცავ ორგანოებთან. ჩვენ მოვემზადეთ იმდენად კარგად, რამდენადაც შეგვეძლო“, – განაცხადა ბრინსონ ბელმა.