ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ხვალ სადემარკაციო ხაზზე შეხვდებიან
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ხვალ სადემარკაციო ხაზზე შეხვდებიან

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი ხვალ, 27 აპრილს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ორ ქვეყანას შორის არსებულ სადემარკაციო ხაზზე შეხვდება. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

შეხვედრა სადემარკაციო ხაზზე ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები, საპატიო ყარაულის თანხლებით, სასაზღვრო სოფელში გაემართებიან, სადაც მოლაპარაკებებს გამართავენ.

ამგვარად დემილიტარიზირებულ ზონაში სადემარკაციო ხაზის გადმოკვეთის შემდეგ, კიმ ჩენ ინი 65 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდება, რომელიც სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები სამშვიდობო შეთანხმებას განიხილავენ, რომელიც კორეის ომის დასრულების შემდეგ ფაქტობრივად მოქმედებს, თუმცა ოფიციალურად გაფორმებული არ არის. შეხვედრაში სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დაც მიიღებს მონაწილეობას.

მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში კი დაგეგმილია კიდევ ერთი ისტორიული შეხვედრა კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის.