ჩოგბურთის მსაჯი მოჰამედ ლაჰიანი მომდევნო ორი ტურნირის მიღმა დარჩება. დისკვალიფიკაციის მიზეზი ამერიკის ღია პირველობაზე ერთ-ერთ მოთამაშესთან ფამილიარული გასაუბრება გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელ ნიკ კირგიოსსა და ფრანგ პიერ-უგ ერბერს შორის მიმდინარე მატჩის დროს, როდესაც მოთამაშეები კორტზე ადგილებს ცვლიდნენ, ლაჰიანი კირგიოსს ზედმეტად ფამილიარულად გაესაუბრა, ბოლოს კი შემდეგი ფრაზა უთხრა: „მინდა დაგეხმარო“.
რას გულისხმობდა დახმარებაში შვედი მსაჯი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვცელდება, თუმცა „ჩოგბურთის პრიოფესიონალთა ასოციაციის“ (ATP) მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, 52 წლის ლაჰიანის ქმედება „არ შეესაბამებოდა მთავარ პრინციპს, რომელიც მსაჯის აბსოლუტურ მიუკერძოებლობას გულისხმობს“.
აღსანიშნავია, რომ მსაჯთან გასაუბრებამდე, 23 წლის ნიკ კირგიოსი მატჩს აგებდა, შემდეგ კი თამაში სათავისოდ შემოატრიალა და საბოლოოდ გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯის მხრიდან რაიმე სახის უსამართლო გადაწყვეტილება არ დაფიქსირებულა, შედეგის სამართლიანობასთან დაკავშირებით ეჭვები მაინც გაჩნდა.
წაგებული ჩოგბურთელის თქმით, ზემოხსენებული მოკლე საუბარი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, კირგიოსი კი მსგავს მოსაზრებებს სასაცილოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ყველაფერი სამართლიანად წარიმართა.
მოჰამედ ლაჰიანი სამსაჯო მოღვაწეობას 15 ოქტომბერს, სტოკჰოლმის ღია პირველობაზე დაუბრუნდება.