ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით გერმანიაში მიმავალი მატარებელი საქართველოზეც გაივლის
ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით გერმანიაში მიმავალი მატარებელი საქართველოზეც გაივლის. გამოცემა „რეილ ფრეითი“ ჩინეთიდან გერმანიაში მიმავალი სარკინიგზო ხაზის დეტალურ მარშრუტს აქვეყნებს.
„პირველი მატარებელი, რომელიც 13 აპრილს ქალაქ სიანიდან გერმანიის ქალაქ მანჰაიმისკენ დაიძრა, გადაიტანს ტანსაცმელს, სპორტულ ინვენტარსა და სხვა საგნებს. მატარებელი ყაზახეთის პორტ აქტაუმდე მივა, შემდეგ ტვირთს კასპიის ზღვის გავლით ბორნით გადაიტანენ ბაქომდე და შემდეგ ისევ რკინიგზით საქართველოში, ფოთის პორტში. ფოთის პორტიდან ტვირთს ისევ ბორნით გადაიტანენ რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანცაში, შემდეგ ის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით, ისევ რკინიგზით ჩავა გერმანიაში“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, „ზღვითა და რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა, ბაზრებზე არსებულ სიტუაციაში, ქალაქ სიანიდან პროდუქციის ტრანსპორტირების მორიგი მცდელობაა“.
„ბევრი კომპანია მუშაობს ალტერნატიული გამოსავლის გზებზე. მაგალითად, Gansu Wuwei-ი ფოთის პორტთან თანამშრომლობით ასევე ახორციელებს ანალოგიური მარშრუტით ტვირთების გადაზიდვას და აფართოებს მარშრუტს ბუდაპეშტამდე შიდა რკინიგზისა და შიდა საზღვაო გადაზიდვების გამოყენებით“, – წერია სტატიაში.
ამასთან, პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ტრანს-კასპიურ მარშრუტს უპირატესობას არა მხოლოდ ჩინური კომპანიები ანიჭებენ. მარტის დასაწყისში ჰოლანდიურმა კომპანია Rail Bridge Cargo-მ აამოქმედა მარშრუტი, რომელიც ჭენჭოუს გერმანულ ქალაქ დუისბურგ-ნოისს აკავშირებს. ამ შემთხვევაში, ტვირთის ტრანზიტს 23-25 დღე სჭირდება და ის გაივლის ყაზახეთზე, ბაქოსა და ფოთზე. ამასთან, კონსტანცა არ არის ერთადერთი ვარიანტი ევროპაში ტვირთის გადასატანად, კომპანია ასევე თანამშრომლობს ბულგარეთის პორტთან ვარნაში. შემდეგ ტვირთი ან რკინიგზით ან სატვირთოებით გადააქვთ დანიშნულების ადგილამდე.