ჭიანჭველებს შარდის სუნით კიბოს ამოცნობა შეუძლიათ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ჭიანჭველებს შარდის სუნით კიბოს ამოცნობა შეუძლიათ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჭიანჭველებს შეუძლიათ ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარონ. ძლიერი ყნოსვა მათ საშუალებას აძლევს, რომ ბიოლოგიურ ნიმუშებში მოლეკულური განსხვავებები იპოვონ. ამ განსხვავებების პოვნას სხვა მეთოდებით ძვირადღირებული მოწყობილობები სჭირდება.

კონცეფციის დამადასტურებელმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭიანჭველებს ამ უნარის გამოყენება შარდის ნიმუშებში შეუძლიათ. სორბონის უნივერსიტეტის ეთოლოგი ბაპტისტ პიკერე და მისი კოლეგები თავიანთ ნაშრომში აღნიშნავენ, რომ ჭიანჭველებს აქვთ პოტენციალი სწრაფი, ეფექტიანი და იაფიანი გზით იქცნენ ადამიანებში სიმსივნის გამოვლენის ინსტრუმენტად.

2020 წელს მსოფლიოში კიბოს 19 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. კიბო მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად რჩება. რა თქმა უნდა, თუ კიბო ადრე გამოჩნდა, მისი განკურნების შანსი უფრო მეტია. დღესდღეობით კიბოს გამოვლენის მეთოდები საკმაოდ ძვირ სიამოვნებას წარმოადგენს. ეს კი პაციენტებს აფერხებს ადრეული სკრინინგ შემოწმების გავლაში. სწორედ ამიტომ, მკვლევრებმა დახმარებისთვის ცხოველებს მიმართეს. გამოსავლის საპოვნელად, თაგვებიდან დაწყებული, ძაღლებით დამთავრებული, მათ ყველა ცხოველი გამოცადეს, რათა კიბოს ამოცნობა უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის. პიკერემ და მისმა ჯგუფმა ჭიანჭველებიც გამოცადეს.

მათ 35 აბრეშუმებისებრი ჭიანჭველა (formica fusca) გამოიყენეს. აიღეს ჯანმრთელი და კიბოს მატარებელი თაგვების შარდის ნიმუშები და დააყნოსინეს. სუნის მარტივად გასარჩევად, ჭიანჭველებს სამი ვარჯიში დასჭირდათ. ეს ჭიანჭველები ცნობილია სწავლის სწრაფი უნარით და მეხსიერებით. წინა კვლევაში მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ჭიანჭველებს შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვაონ კიბოს და ჯანსაღი უჯრედების ნიმუშები, მათ შორის, კიბოს სხვადასხვა ტიპის უჯრედებიც.

წვრთნის შემდეგ ჭიანჭველები 20 პროცენტით მეტ დროს ატარებდნენ სამიზნე სუნის მახლობლად, ვიდრე სხვები. მეცნიერებმა მათ ჯილდოს სახით შაქარი დაუწესეს. ისინიც გამალებით ეძებდნენ ამ ჯილდოს და მკაფიო და ზუსტ სიგნალს იძლეოდნენ თაგვის შარდში ძუძუს კიბოს არსებობის ან არ არსებობის შესახებ.

ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ სუნიანი აქროლადი მოლეკულები მართლაც სხვანაირია კიბოთი დაავადებული თაგვის შარდში. რაც უფრო დიდია სიმსივნის გამოვლინება, სუნი მით უფრო განსხვავებულია ჩვეულებრივისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ჭიანჭველებს ვერ აჩვენეს სხვაობა დიდ და პატარა სიმსივნეებს შორის, ორივე მათგანის სუნი ერთნაირი წარმატებით ამოიცნეს.

შედეგები ძალიან მკაფიო დასკვნებს იძლევა, თუმცა ჭიანჭველების ამ საქმეში გამოყენებამდე კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო, რათა შედეგი უფრო ზუსტი გახდეს.

„ერთადერთი კვლევის შეზღუდვა არის ის, რომ სუნები, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით, შესაძლოა არ ასახავდეს ბუნებაში არსებული კიბოს სუნის მრავალფეროვნებას. რეალობაში დამაბნეველ ფაქტორებს წარმოადგენს ასაკი, ცხოვრების სტილი, კვება, მდგომარეობა ან სტრესი, რომელმაც შესაძლოა წვლილი შეიტანოს ინდივიდუალური სხეულის სუნის ცვალებადობაში. ჩვენს მეთოდს ჭირდება შემდგომი დადასტურება კიბოს სხვადასხვა ტიპებზე და რაც ყველაზე მთავარია, მეტი ნიმუშის გამოყენება. წინ ბევრი კვლევაა, ვიდრე ეს მეთოდი რუტინული ტესტი გახდება კიბოს სკრინინგში.“

კვლევა Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

 

ავტორი — მელანო ჭეიშვილი