ჩესლავ მიხნევიჩი - მწვრთნელებმა არ იციან, როგორ შეაჩერონ მბაპე, ამის რეცეპტი არ არსებობს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩში საფრანგეთთან დამარცხების (1:3) შემდეგ ჩესლავ მიხნევიჩმა კომენტარი გააკეთა. პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, არ არსებობს რეცეპტი საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის, კილიან მბაპეს შესაჩერებლად, რომელმაც დუბლი შეასრულა.
„არ არსებობს რეცეპტი, რომელიც მას შეაჩერებს. არცერთმა მწვრთნელმა არ იცის, როგორ შეაჩეროს ისეთ ფორმაში მყოფი მბაპე, რომელშიც ის ახლაა. დღეს მან დიდი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ მე მას ვგულშემატკივრობ, რადგან ის ნამდვილი ვარსკვლავია.
კატარში პოლონეთის ნაკრების მთავარი მიზანი იყო, რომ 36 წლის შემდეგ ჯგუფური ეტაპიდან გავსულიყავით. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონებს დავუპირისპირდით.
სამწუხაროდ, დღეს რეალური საგოლე მომენტით ვერ ვისარგებლეთ, რომელიც პიოტრ ჟელინსკის ჰქონდა. ეს იყო ჩვენი საუკეთესო შანსი, იმ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო. ამის შემდეგ მოხდა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაგვმართნოდა – გასახდელში გოლი გაგვაყოლეს. ამან უფრო გაგვირთულა საქმე, საფრანგეთმა თავდაჯერებულობა იგრძნო და მშვიდად ითამაშა.
დღეს იმედგაცრუებულები ვართ. მაგრამ გავა დრო და ჩვენ შევცვლით საკუთარ დამოკიდებულებას. კვირების და თვეების შემდეგ შეგვეძლება ამაყად ვთქვათ, რომ მივაღწიეთ იმას, რასაც პოლონეთმა ვერ მიაღწია 36 წლის განმავლობაში“, – განაცხადა Sky Sports-თან ინტერვიუში მიხნევიჩმა.