„ჩელსიმ“ „სიტი“ დაამარცხა და ინგლისის თასის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისის თასის გათამაშებაში პირველი ფინალისტი გაირკვა – „ჩელსიმ“ „უემბლიზე“ 1:0 დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“.
თანაბარ და ნელ თამაშში ყველაფერი გადაწყვიტა მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილმა გოლმა: ვერნერი მარცხენა ფლანგიდან შევიდა საჯარიმოში და საგოლე გადაცემა გაუკეთა ზიეშს, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა. ამ ეპიზოდში არადამაჯერებლად ითამაშა „სიტის“ სათადარიგო მეკარემ ზაკ სტეფენმა, რომელიც წინ გაუმართლებლად გავიდა და კარი ცარიელი დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გოლამდე მანჩესტერელებმა დაკარგეს კევინ დე ბრუინი – ბელგიელმა ფეხი იტკინა და წერენ, რომ შეიძლება „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.
დარჩენილ დროში „ჩელსის“ უფრო შეეძლო მეორე გოლის გატანა, ვიდრე „სიტის“ გათანაბრება – მაგალითად, ზიეშმა ერთი ერთზე გასვლა ვერ გამოიყენა, პულიშიჩს კი თამაშგარის გამო არ ჩაუთვალეს კარის აღება.
„ჩელსის“ მეტოქე ფინალში „ლესტერისა“ და „საუთჰემპტონის“ ნახევარფინალში გაირკვევა.
თომს ტუხელმა პირველად დაამარცხა პეპ გვარდიოლა – მანამდე გერმანელს ესპანელთან ერთი ფრე და ოთხი წაგება ჰქონდა.
ამ წაგების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ აღარ გამოუვა სეზონში ოთხი ტიტულის მოგება, თუმცა რჩება ჰეთ-თრიკის მოგების შანსი – პრემიერლიგის ტიტული თითქმის ჯიბეში აქვს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და ერთ კვირაში ინგლისის ლიგის თასის ფინალში შეხვდება „ტოტენჰემს“.