ჩეხ ფავორიტებს დამაჯერებელი სტარტი ჰქონდათ - აშშ-ის ღია, ქალები, I წრე
აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს ჩეხმა ფავორიტებმა – კაროლინა პლიშკოვამ და პეტრა კვიტოვამ. ორივე ჩოგბურთელის სპორტული ფორმა კითხვის ნიშნებს იწვევდა, რადგან გასულ კვირას ორივემ წააგო ცინცინატის ტურნირის პირველი წრე.
პლიშკოვა აშშ-ის ღიაზე პირველ ნომრად არის განთესილი. მისი პირველი მეტოქე უკრაინელი ანგელინა კალინინა იყო. ჩეხმა 62 წუთში 6:4, 6:0 მოიგო.
უკრაინელმა პირველ სეტში სერიოზული ბრძოლა გაუმართა ფავორიტს – ბრეიკით დაწინაურდა, შემდეგ 1:4-ზე ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 4:4-დან პლიშკოვამ ზედიზედ რვა გეიმი აიღო და მეორე წრეში გავიდა, სადაც ფრანგ კაროლინ გარსიას შეხვდება.
კვიტოვა უფრო გამოცდილ კამელია ბეგუს ხვდებოდა და ასევე 62 წუთში მოიგო – 6:3, 6:2. რუმინელმა ჩოგბურთელმა მხოლოდ ორჯერ გაიბრძოლა მატჩში – ჯერ პირველი სეტში, როცა 1:3-ზე უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ 3:3-ზე კვიტოვამ ზედიზედ სამი გეიმი აიღო. მეორე სეტი ბეგუმ ზედიზედ ექვსი ქულის მოგებით დაიწყო. თუმცა, ამას კვიტოვამ მომდევნო 25 გათამაშებიდან 21-ის მოგებით უპასუხა, ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო.