ჩეჩნეთთან ტერიტორიის გაცვლის მოწინააღმდეგეებმა ინგუშეთში ავტომაგისტრალი გადაკეტეს
ჩეჩნეთთან ტერიტორიის გაცვლის მოწინააღმდეგეებმა ინგუშეთში ფედერალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. რუსული მედიის ინფორმაციით, საზღვრების ცვლილების მოწინააღმდეგეები ავტომობილებით ინგუშეთის დედაქალაქ მაგასისა და ქალაქ ნაზრანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე გავიდნენ.
ავტოკოლონით გადაადგილების შემდეგ აქციის მონაწილეებმა მაგასთან წვდომა შეზღუდეს. პროტესტის გამო, ფედერალურ ავტომაგისტრალ „კავკაზ“-ზე საცობი წარმოიქმნა.
მანამდე, ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, უარი თქვან არასანქცირებულ მასობრივ აქციებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა 26 სექტემბერს ხელი მოაწერეს საზღვრების დაცვის ხელშეკრულებას. შეთანხმება ითვალისწინებს ინგუშეთის ნადტერეჩნის რაიონის და ჩეჩნეთის მალგობეკსკის რაიონის დაუსახლებელი ტერიტორიების გაცვლას. ინგუშეთის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ტერიტორიების არათანაბრად გაცვლა მოხდა. იმავე დღეს, ქალაქ მაგასში და სუნჟაში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციებზე 15 ადამიანი დააკავეს და მოგვიანებით, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.