ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ყრილობა გაიმართა. მას 67 დელეგატი ესწრებოდა, რომლებმაც ფედერაციის გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს და წესდებაში ცვლილებები შეიტანეს.
ბოლო საკითხი ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები იყო. მოქმედი პრეზიდენტი გია გიორგაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახლდათ – მას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ამას გარდა, აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები – აკაკი იაშვილი (რომელიც ფიდეს ვიცე-პრეზიდენტია), ვალერი გაფრინდაშვილი და ზურაბ მიქაძე, ხოლო გენერალური მდივანი სოფიო გვეტაძე იქნება.
აღსანიშნავია, რომ გია გიორგაძე ფედერაციის პრეზიდენტად უკვე მეოთხე ვადით აირჩიეს.