გია გიორგაძე - საქართველოს ჩემპიონატში ჭადრაკის კორიფეებს უთამაშიათ #1TVSPORT
გია გიორგაძე - საქართველოს ჩემპიონატში ჭადრაკის კორიფეებს უთამაშიათ #1TVSPORT

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟთა, საიუბილეო მე-80 ჩემპიონატი დაიწყო.

ქვეყნის უძლიერესი 10 მოჭადრაკე წრიული სისტემით 9 ტურად შეეჯიბრება ერთმანეთს. ტურნირის საპრიზო ფონდი 25 000 ლარია, საიდანაც გამარჯვებულს 8 000 ლარი ერგება, ხოლო I-VIII ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიო თასის ფარგლებში ევროპის კონტინენტის ჰიბრიდულ ტურნირში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

„საქართველოს ჩემპიონატს დიდი ისტორია აქვს. აქ ისეთ კორიფეებს უთამაშიათ, როგორებიც არიან პეტროსიანი და კერესი, 1946 წელს კერესმა გაიმარჯვა, რომელიც უკონკურსოდ მონაწილეობდა. ეს საამაყო ისტორია გრძელდება. წლევანდელ ჩემპიონატში ყველა საუკეთესო მონაწილეობს. ტურნირს დიდი დატვირთვაც აქვს, რადგან ევროპის ჰიბრიდული ჩემპიონატის მონაწილეები შეირჩევა“, – ამბობს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატში ერთადერთი ქალი მოჭადრაკე, მერი არაბიძე მონაწილეობს:

„მიხარია, ვაჟთა საიუბილეო ჩემპიონატში რომ ვმონაწილეობ. ჩემთვის ეს კარგი შანსია, რომ გამოცდილება მივიღო და ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენო. შევეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო და კარგი შედეგი ვაჩვენო“.