თეა წულუკიანი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს შეხვდა #1TVSPORT
თეა წულუკიანი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს შეხვდა #1TVSPORT

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, სპორტულ ფედერაციებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ, სამინისტროში ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს უმასპინძლეს, სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნეს და ჭადრაკის ფედერაციაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეების საიუბილეო წელია, კერძოდ, 17 იანვარს მაია ჩიბურდანიძეს 60 წელი შეუსრულდა, ხოლო ნონა გაფრინდაშვილი 3 მაისს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს და პანდემიასთან დაკავშირებული რისკების გამო, ორივე იუბილეს აღნიშვნა სექტემბერში, ერთობლივად დაიგეგმა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს დაფინანსებით და მხარდაჭერით ჭადრაკის ფედერაცია სექტემბერში ჩაატარებს ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირებს და საიუბილეო ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ჭადრაკის ვარსკვლავები.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოსთვის ჭადრაკი ყოველთვის იყო გამორჩეული სპორტის სახეობა. მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდებმა ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ, მე-20 საუკუნეში მსოფლიო ჭადრაკში ერთგვარი რევოლუცია მოახდინეს და სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერნენ, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებით საამაყოა.

შეხვედრაზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის მასობრივი სპორტის ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჭადრაკის ფედერაციას კი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია, რადგან საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა, დიდი ისტორიითა და ბრწყინვალე გამარჯვებებით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქტივობაში 6-14 წლის ასაკის ახალგაზრდების ჩართულობა, ვინაიდან ეს სეგმენტი სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა პანდემიის დროს არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევაში, რადგან ჭადრაკის ფედერაცია გახლდათ ის ორგანიზაცია, რომელმაც სწრაფად მოახერხა პანდემიით შექმნილ პრობლემებთან გამკლავება, დაიწყო ონლაინ ტურნირებისა და ღონისძიებების ჩატარება და ეს გამოცდილება ეტაპობრივად სხვა სპორტულმა ფედერაციებმაც გაიზიარეს.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური