თეა წულუკიანმა ძალოსანთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა #1TVSPORT
თეა წულუკიანმა ძალოსანთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა #1TVSPORT

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სამინისტროში ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასა და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების სპორტსმენებს უმასპინძლა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება პირადად მიულოცა.

მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა შვიდი ოქროს, ოთხი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ქალთა ნაკრებიდან მედლის მოპოვება ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ) შეძლო. მან ატაცში 111 კილოგრამი ასწია და მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა. საუკეთესო შედეგი ნაკრების ლიდერმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) აჩვენა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონმა და არაერთი ტიტულის მფლობელმა ათლეტმა, თავის უნიკალურ კოლექციას კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა და ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად გაიმართა ძალოსნობის ევროპის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო კონგრესი, რომელზეც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ყიფშიძე ძალოსნობის ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის პოზიციაზე ქართულ ძალოსნობას წარმომადგენელი პირველად ჰყავს, რაც ქართული ძალოსნობის და ზოგადად ქართული სპორტის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. ამავე ჩემპიონატის მთავარი ექიმი გახლდათ, საქართველოს ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი.

შეხვედრაზე თეა წულუკიანმა ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, ხაზი გაუსვა მასობრივი სპორტის განვითარებისა და სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობას და სამინისტროს პრიორიტეტად 6-14 წლის ასაკის ახალგაზრდები დაასახელა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ძალოსნობა საქართველოსთვის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პოპულარული სახეობაა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველი ძალოსნების, განსაკუთრებით კი ლაშა ტალახაძის წარმატებებმა, რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად სამჯერ დაასახელა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტორი ძალოსნობის ფედერაციამ სწორად გამოიყენოს და ძალოსნობაში სულ უფრო მეტი ახალგაზრდების, მათ შორის, გოგონების ჩართულობა უზრუნველყოს. შეხვედრის ბოლოს, თეა წულუკიანმა ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

დატოვე კომენტარი