ცესკო-სგან სიების განულება „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ დღეს არ მოუთხოვიათ
ცესკო-სგან სიების განულება „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ დღეს არ მოუთხოვიათ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების განულების მოთხოვნით დღეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“.

აღსანიშნავია, რომ სიების ანულირება გულისხმობს იმ ადამიანების სიის ჩახსნას, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტის გამსვლელ სიაში. იმ პირებმა, რომელთაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ინდივიდუალური განცხადებები უნდა წარადგინონ პრლამენტში. ამისთვის მათ ერთკვირიანი ვადა აქვთ.

სიების ჩახსნის შესახებ განცხადება არ შეუტანიათ „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

„გირჩის“ ცნობით, თუ ვერ გამოიყენებენ ბოლო შანსს და წარუმატებლად დაასრულებენ მოლაპარაკებას, მათი ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე.

ამავე პოზიციაზე არიან „მოქალაქეები“. მათი თქმით, პარლამენტის მანდატს იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება.

„პატიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ პარტიის საარჩევნო სიის ყველა წევრს დაწერილი აქვს განცხადება, რომ არ აპირებს გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მუშაობას.

„სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვერ განახორციელეს. ამიტომ მიდიან შედარებით უფრო ხანგრძლივი გზით, რასაც ქვია სიების ჩახსნა, შემდგომ მიმართვა უკვე პარლამენტისთვის. ველოდებით, რომ ოპოზიციური პარტიები მიმართავენ უკვე პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ.  ჩვენც ამ პერიოდში მივმართავთ პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. სიის ჩახსნის პრობლემა არ გვაქვს“, – აცხადებს თევდორაძე.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ სიით გასულმა ორმა „რესპუბლიკელმა“, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ განაცხადეს, რომ რადგან გრძელდება მოლაპარაკებები, მანდატებზე უარის თქმის თაობაზე ხელმოწერილი განცხადებებით პარლამენტს მიმართავენ მოლაპარაკების პროცესის დამთავრების შემდეგ.