ცესკო-მ პარლამენტს „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე უკვე მიმართა
ცესკო-მ პარლამენტს „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე უკვე მიმართა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრთან დაკავშირებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე მიმართა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ცესკო-ს მიერ წარდგენილ დოკუმენტებს ხვალ დილით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს და იმ შემთხვევაში, თუ მასალები შესაბამისობაში იქნება, ინფორმაციას ბიუროს წარუდგენს, დღის ბოლოს კი სავარაუდოდ მოხდება დეპუტატობის სამი კანდიდატის უფლებამოსილების ცნობა. მათ შორის არიან დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია.

დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ პარლამენტარის მანდატის გამოყენების თხოვნით ცესკო-ს დღეს მიმართეს.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს შეუწყდათ. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.