ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ბუდაპეშტს ტოვებს. როგორც სასწავლებელში აცხადებენ, მათ ამ გადაწყვეტილების მიღება უნგრეთის მთავრობამ აიძულა.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია, თავისუფლად ვიმუშაოთ იმ ქალაქსა და ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ სახლად ვთვლით“, – განაცხადა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, მაიკლ იგნატიევმა.
მისი შეფასებით, უნივერსიტეტმა ვერ მიაღწია შეთანხმებას უნგრეთის ხელისუფლებასთან და ეს არის ტრაგიკული მოვლენა, როდესაც ევროპის შუაგულში აკადემიურ თავისუფლების შეზღუდვა ხდება.
„ეს უპრეცედენტოა, როდესაც აშშ-ის მიერ აკრედიტებულ უნივერსიტეტს ნატო-ს წევრი ქვეყნიდან აგდებენ“, – ამბობს იგნატიევი.
მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა უბრალოდ ვერ შეასრულა ახალი რეგულაციებით დაკისრებული ვალდებულებები.
ცნობილი ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტი ბუდაპეშტიდან ვენაში გადავა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ ამერიკელი სენატორები ბენ კარდინი და როჯერ ვიკერი. მათ ეს ფაქტი დაგმეს. მათი განცხადებით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა უნგრეთის მთავრობის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა ხელისუფლებამ სასწავლებელს ფუნქციონირების გაგრძელების საშუალება არ მისცა.
უნივერსიტეტის მიერ უნგრეთის დატოვებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სამწუხარო ფაქტი უწოდეს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მომხდარით იმედგაცრუებულია“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში 1991 წლიდან ფუნქციონირებდა.