„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებმა სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გამართეს
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გუკა რჩეულიშვილის საპროცესო შეთანხმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ. როგორც დაზარალებულები ამბობენ, ვიდრე მათთან სამშენებლო კომპანიები ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს არ დადებენ და მშენებლობა არ დაიწყება, საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობენ.
„გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ თებერვლის ბოლოს აპირებს თავისი მშობლისა და დეიდის საპროცესოთი გარეთ გამოყვანას, რაც აბსოლუტურად დაუშვებლად მიგვაჩნია. გამორიცხულია, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით ამაზე თანახმა, თუკი დაიწყება ჩვენთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმება და დეველოპერების მიკუთვნება თითოეულ ობიექტზე“, – აცხადებს „ცენტრ პოინტის“ დაზარალებული მარიამ ჩიმაკაძე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს „ცენტრ პოინტის“ საქმეზე მსჯავრდებულების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო.