ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი - ერთა ლიგის ჯგუფში ჩვენი მიზანი მხოლოდ პირველი ადგილის დაკავებაა #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი - ერთა ლიგის ჯგუფში ჩვენი მიზანი მხოლოდ პირველი ადგილის დაკავებაა #1TVSPORT

ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ბულგარეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა „ნოვსპორტს“, სადაც ნაკრებში მოთამაშეთა შერჩევაზე ისაუბრა.

„თანაშემწეებთან ერთად ვიყავი თურქეთში, სადაც ჩვენი საკლუბო გუნდების მომზადებას მივადევნე თვალი. ვისაც ჩვენ ვეყრდნობით, აჩვენეს, რომ ძალიან კარგ ფორმაში არიან. მე ვნახე სხვა ბიჭებიც, რომლებსაც პოტენციალი აქვთ. თუმცა, ყველაფერი ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილის დაწყებასთან ერთად მომავალ მატჩებზე იქნება დამოკიდებული. ვინ როგორ მოემზადა, ჩემპიონატში გამოჩნდება.

საზღვარგარეთ მყოფი ბულგარელი ფეხბურთელების თამაშსაც ვუყურებ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც შეგვიძლია ყველას თამაში ვიხილოთ და ამისთვის საზღვარგარეთ არ წავალ. უნდა ვნახოთ, როგორ გამოდიან ისინი თავიანთ საკლუბო გუნდებში.

შეიძლება თუ არა ნაკრებში ახალი მოთამაშეები მოვიწვიო? ჯერჯერობით არავინ შემირჩევია. ნაკრებში ჩემი მუშაობის პირველ წელს 13 მატჩი ვითამაშეთ, რაც რეკორდია. ეს იყო ძალიან დინამიური ციკლი, რომელშიც ჩვენი წამყვანი გუნდები ლუდოგორეცი და ცსკა ყოველ სამ დღეში თამაშობდნენ. ამ 13 მატჩში ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, გუნდის გაახალგაზრდავება ვცადეთ. ჩვენ გვინდა შევქმნათ ბირთვი. ერთა ლიგის პირველ ციკლში ზედიზედ ოთხი შეხვედრა გველის და როტაცია დაგვჭირდება. მაგრამ ჩვენ ვეცდებით ფსონი დავდოთ მათზე, რომლებსაც აქამდე ვეყრდნობოდით. რა თქმა უნდა, ვინც კარგ თამაშს აჩვენებს, მათაც დავუძახებთ.

ყატარში მარტში ორი საკონტროლო მატჩი გველის ყატარისა და ხორვატიის წინააღმდეგ. ყატარი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს და ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. მათ ძალიან სურდათ ჩვენთან თამაში. ხორვატია კი მსოფლიოს მეორე გუნდია, რა შეიძლება იყოს ძლიერ გუნდთან შეხვედრაზე უკეთესი? ეს განსაკუთრებულ გამოცდილებას შეგვძენს.

ბულგარეთის ფედერაციის აღმასკომმა ნდობა გამომიცხადა, გამიხანგრძლივეს კონტრაქტი. 2021 წელს 3 მატჩი მოვიგეთ, 4-4 კი ფრედ დავასრულეთ და წავაგეთ. ამ შედეგებმა შეიძლება ვინმეს იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ჩვენ ხომ მსოფლიო ჩემპიონები არ ვართ. მე ერთა ლიგის ტურნირზე დასახული მაქვს მიზანი, რომ მხოლოდ პირველი ადგილი დავიკავოთ. ეს არის ჩვენი მიზანი. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ჩვენ გვინდა ბულგარელი ხალხი გავახაროთ.

ბულგარეთის ფედერაციის ახალი ყრილობა მარტში გაიმართება. დავრჩები თუ არა ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ? ამაზე ჩემი პოზიცია ნათელია და განმეორება აღარ მსურს.“