„ბრითიშ ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან დიუსელდორფში მიფრინავდა, შეცდომით ედინბურგში დაჯდა
ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელიც რეისს ლონდონიდან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა, შეცდომით ედინბურგში დაჯდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ ავრცელებს.
მგზავრებმა ამის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც თვითმფრინავი ედინბურგში დაეშვა. რეისი გერმანული კომპანიის ზედამხედველობით სრულდებოდა.
„ბრითიშ ეარვეისში“ აცხადებენ, რომ ცდილობენ გერმანულ კომპანიასთან გაარკვიონ, რამ გამოწვია შეცდომა.
„ბოდიში მოვუხადეთ მომხმარებლებს, ჩვენი თანამშრომლები ყველა მგზავრს პირადად დაუკავშირდებიან“,- აცხადებენ „ბრითიშ ეარვეისში“.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მგზავრი დაზარალდა ამ შეცდომით.