ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები წესდება
ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები წესდება

ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დაწესდება, რომლებიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

ახალი შეზღუდვები საზოგადოებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გააცნო.

ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი ახლა პანდემიის საშიში შემობრუნების წერტილშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არ უნდა მოდუნდნენ.

ახალი ზომების მიხედვით, ოფისში მომუშავე პირებმა მუშაობა დისტანციურად უნდა გააგრძელონ, თუკი არ არის აუცილებლობა, რომ დასაქმებულმა სამსახურში იაროს.

ხუთშაბათიდან პაბები და რესტორნები ვალდებული იქნებიან, მუშაობა 22:00 საათზე დაასრულონ.

მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულო გახდება პირბადის ტარება. ასევე, მგზავრები ვალდებული იქნებიან, ტაქსით მგზავრობის შემთხვევაში პირბადე ატარონ.

ქვეყნის მაშტაბით 15 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალული იქნება. ასევე, პირველი ოქტომბრიდან დახურულ სივრცეებში გუნდური სპორტული სახეობების ღონისძიებები აიკრძალება და კვლავ გაურკვეველია, როდის შეძლებენ გულშემატკივრები მოედნებზე დაბრუნებას.

პირბადის ტარების რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 200 ფუნტი სტერლინგით განისაზღვრება.

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ინფიცირებული. დიდ ბრიტანეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 398 625 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 41 788-ს შეადგენს.