ბრიტანეთში ბრექსიტის გაუქმების მოთხოვნით პეტიციამ ორ მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა
ბრიტანეთში ბრექსიტის გაუქმების მოთხოვნით პეტიციამ ორ მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა

ბრექსიტის გაუქმების მოთხოვნით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულმა პეტიციამ ორ მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

პეტიციის ხელმომწერები ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის შეჩერებასა და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას ითხოვენ.

თუმცა, ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის მოქმედების შეჩერების წინააღმდეგია, რადგან ეს ბრექსიტზე უარის თქმას ნიშნავს.

ტერეზა მეის თქმით, ადამიანებმა ევროკავშირიდან გასვლას მისცეს ხმა და ქვეყანამ ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს.

„ჩვენ არ გვითქვამს, „გვითხარით, რას ფიქრობთ და ჩვენ ვიფიქრებთ ამაზე“. ჩვენ ვთქვით, აი რეფერენდუმი, გვითხარით, რა არის თქვენი გადაწყვეტილება და ჩვენ მას შევასრულებთ“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, ბრექსიტის პროცესი 22 მაისამდე გაახანგრძლივოს იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანელი კანონმდებლები პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმას მესამე კენჭისყრაზე მხარს დაუჭერენ.