ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ლონდონი დიპლომატიურ კომუნიკაციაშია სირიელ მეამბოხეებთან
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ლონდონი დიპლომატიურ კომუნიკაციაშია სირიელ მეამბოხეებთან

დიდი ბრიტანეთი დიპლომატიურ კომუნიკაციაშია სირიელ მეამბოხეებთან, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.

ლემის თქმით, „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ რჩება აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციად, თუმცა დიდ ბრიტანეთს შეუძლია დიპლომატიური კომუნიკაცია და აქვს კიდევაც, როგორც იყო მოსალოდნელი.

„ჩვენ გვსურს, ვიხილოთ წარმომადგენლობითი მთავრობა, ინკლუზიური მთავრობა. გვსურს, ვიხილოთ ქიმიური იარაღის მარაგების უსაფრთხოდ შენახვა და არა მათი გამოყენება. გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ არ გაგრძელდეს ძალადობა. ყველა ამ მიზეზის გამო, ვიყენებთ რა ჩვენთვის ხელმისაწვდომ ყველა არხს, ეს არის დიპლომატიური და, რა თქმა უნდა, დაზვერვაზე დაფუძნებული არხები, ჩვენ ვცდილობთ „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამთან“ ურთიერთობას, როცა ეს საჭიროა“, – აღნიშნა დევიდ ლემიმ.

ლემიმ ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა 50 მილიონი ფუნტის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გამოყოფს სირიელებისთვის, მათ შორის, რეგიონში მყოფი ლტოლვილებისთვის. კითხვაზე, ამოიღებენ თუ არა „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან, მინისტრი ამბობს, რომ აჯანყებულთა ჯგუფი რჩება აკრძალულ ორგანიზაციად.