ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის ალტერნატიულ გეგმაზე ისევ ვერ შეთანხმდნენ
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დეპუტატები ბრექსიტის ალტერნატიულ გეგმაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ. ალტერნატიულმა ინიციატივებმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა.
პარლამენტში სულ ოთხ ალტერნატიულ გეგმას უყარეს კენჭი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ევროპის ერთიან ბაზარზე დარჩენის, ასევე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებისა და ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის შეჩერების ინიციატივებს.
დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა პარლამენტმა ბრექსიტის პირობების შესახებ შეთანხმება უკვე სამჯერ უარყო, რის გამო ქვეყნის პრემიერმა, ტერეზა მეიმ ევროკავშირს ბრექსიტის გადავადება სთხოვა. ბრიუსელმა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების დასამტკიცებლად ვადა 12 აპრილამდე მისცა. თუ აღნიშნულ თარიღამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მოვლენები შესაძლოა, სამი სცენარით განვითარდეს: ბრექსიტი უფრო ხანგრძლივი პერიოდით გადაიდოს, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს ან უარი თქვას ბრექსიტზე.