ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის პროცესზე კონტროლის პარლამენტისთვის გადაბარებას მხარი დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ბრექსიტის პროცესზე კონტროლის პარლამენტისთვის გადაბარებას. გადაწყვეტილება დეპუტატებმა 329 ხმით 302-ის წინააღმდეგ მიიღეს.
ამგვარად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გაიმართება კენჭისყრების სერია ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის ალტერნატიული გზების მოსაძებნად. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ გარანტიას არ იძლევა, რომ მთავრობა კანონმდებლების გადაწყვეტილებას შეასრულებს.
ბრექსიტის ალტერნატიულ ვარიანტებს შორის განიხილება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების შენარჩუნება ან განმეორებითი რეფერენდუმის გამართვა. ასევე, არ არის ამორიცხული, რომ დეპუტატებმა კენჭი უყარონ ბრექსიტზე უარის თქმის ვერსიას. კენჭისყრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში 27 მარტს გაიმართება.
დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა გააკრიტიკა პარლამენტის გადაწყვეტილება, ჩაატაროს კენჭისყრა ბრექსიტის სხვადასხვა ვარიანტზე. ევროკავშირიდან გასვლის საკითხებზე მომუშავე სამინისტრომ აღნიშნულ ნაბიჯს საშიში პრეცედენტი უწოდა, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ბალანსს არღვევს.
დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ტერეზა მეის მთავრობის სამმა წევრმა თანამდებობა დატოვა. კერძოდ, გადადგა ბიზნესისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე რიჩარდ ჰარინგტონი, რომელმაც მინისტრთა კაბინეტი მოსახლეობის ბედთან თამაშში დაადანაშაულა.
ასევე, თანამდებობა დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალისტერ ბერტმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სტივ ბრაიანმა, რომლებმაც ბრექსიტის პროცესში პარლამენტისთვის უფლებამოსილების გაფართოებას მხარი დაუჭირეს.
დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ბრექსიტის პირობების შესახებ შეთანხმებას ორჯერ არ დაუჭირა მხარი, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირს ბრექსიტის გადავადების თხოვნით მიმართა.