ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს. მისი თქმით, არჩევნები ბრექსიტის გამო შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი იქნება.
სიტყვით გამოსვლისას ჯერემი კორბინმა აღნიშნა, რომ ახალ მთავრობას ექნება განახლებული მანდატი, რათა ევროკავშირთან ბრექსიტის უკეთესი პირობების მისაღებად მოლაპარაკებები აწარმოოს.
„თუ თქვენ ასე დარწმუნებული ხართ თქვენს შეთანხმებაში, დანიშნეთ არჩევნები და მიეცით ხალხს საშუალება, თავად გადაწყვიტონ“, – მიმართა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის.
ევროკავშირთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მომავალ კვირას უყრის კენჭს. ლეიბორისტი დეპუტატები აცხადებენ, რომ კენჭისყრისას ტერეზა მეის გეგმას მხარს არ დაუჭერენ. თუ კენჭისყრაზე შეთანხმება პარლამენტის წევრების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ლეიბორისტული პარტია პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის გამართვას მოითხოვს.
ჯერემი კორბინი დეპუტატებს ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„აშკარაა, რომ ლეიბორისტებს არ ჰყავთ პარლამენტში დეპუტატთა საკმარისი რაოდებობა, რომ უნდობლობის საკითხზე კენჭისყრა მოიგონ. ასე რომ თემთა პალატის წევრებმა კენჭისყრისას მხარი უნდა დაგვიჭირონ, რათა ჩიხიდან გამოვიდეთ“, – განაცხადა ჯერემი კორბინმა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს.