ბრექსიტის გაუქმებაზე პეტიციას ოთხ მილიონამდე ადამიანმა მოაწერა ხელი
ბრექსიტის გაუქმებაზე პეტიციას უკვე ოთხ მილიონამდე ადამიანმა მოაწერა ხელი. დოკუმენტი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე არის განთავსებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინტერნეტმომხმარებლების დიდი რაოდენობის გამო, ერთი კვირის განმავლობაში ვებგვერდის მუშაობა რამდენჯერმე შეფერხდა კიდეც.
პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ პეტიციაში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება ხალხის სურვილი იყო. კრიზისიდან გამომდინარე მთავრობამ ხალხის შეხედულება კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს.
გაერთიანებულ სამეფოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი ვალდებულია, პეტიცია განიხილოს მაშინ, როდესაც დოკუმენტი მინიმუმ 100 ათას ხელმოწერას მოაგროვებს. ამიტომ აღნიშნულ პეტიციასთან დაკავშირებით დებატები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში გაიმართება.