ბრექსიტის გაუქმებაზე პეტიციას ნახევარ მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი
ბრექსიტის გაუქმების მოთხოვნით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულმა პეტიციამ ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.
„ბიბისის“ ცნობით, ინტერნეტმომხმარებელთა დიდი რაოდენობის გარდა, დღეს დილით ვებგვერდს ტექნიკური პრობლემებიც შეექმნა. პეტიციის ხელმომწერები ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის შეჩერებასა და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას ითხოვენ.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება, რომლის მთავარი თემა ბრექსიტია. თუმცა, დღის წესრიგში დგას ისეთი საკითხებიც, როგორიცაა ჩინეთთან ურთიერთობები, ეკონომიკა და კლიმატური ცვლილებები.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოუსმენს, რომელიც ბრექსიტის გადავადების მიზეზებზე ისაუბრებს. შემდეგ კი, საბჭო ბრექსიტის თარიღის გადავადების ხანგრძლივობაზე იმსჯელებს.