ბრაზილიური პრესა - „მარაკანას“ პელეს საპატივცემულოდ შეიძლება სახელი გადაარქვან
ბრაზილიაში რიო-დე-ჟანეიროს ლეგენდარულ სტადიონს „მარაკანას“, შესაძლოა, ფეხბურთის მეფის პელეს სახელი მიენიჭოს. კანონპროექტი არენისთვის ფეხბურთის ისტორიაში მსოფლიოს ერთადერთი სამგზის ჩემპიონის სახელის მინიჭების შესახებ რიოს შტატის საკანონმდებლო საბჭოს სხდომაზე მოიწონეს, – დაწერა ავტორიტეტულმა ბრაზილიურმა გაზეთმა O Globo-მ.
„ფეხბურთის მეფე პელე – ყველაზე დროის უდიადესი ფეხბურთელია მსოფლიოში. ის იყო და დღესაც არის ბრაზილიის სახე“, – მოჰყავს გამოცემა კანონპროექტის ავტორის, დეპუტატ ანდრე სისილიანუს სიტყვები. ეს უკანასკნელი რეგიონალურ პარლამენტში მშრომელთა პარტიას წარმოადგენს. მისი აზრით, სახელწოდების შეცვლის შემდეგაც, „მარაკანას“ მაინც ძველი სახელით მოიხსენიებენ.
სისილიანუს ინიციატივას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა კოლეგებს შორის და კანონპროექტი ოპერატიულად დააყენეს კენჭისყრაზე. ახლა, მას ხელი უნდა მოაწეროს შტატის გუბენატორმა კლაუდიო კასტრომ.
„მარაკანას“ სტადიონი 1950 წელს გაიხსნა და 1999 წელს ჩატარებულ რეკონსტრუქციამდე მსოფლიოში ყველაზე ტევად არენად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიხედვით, ის გათვლილი იყო 155 250 მაყურებელზე, მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩს 199 854 გულშემატკივარი დაესწრო.