ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ჰოსპიტალიზებულია. ის აშშ-ში, ორლანდოს მახლობლად მდებარე საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე, მიშელ ბოლსონარუ აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტი მუცლის არეში ტკივილის გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში. საერთაშორისო მედია ბოლსონარუს ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მისი მდგომარეობა არ არის საგანგაშო.
ჟაირ ბოლსონარუ 2018 წელს დანით მუცელში დაჭრეს. მას შემდეგ მას მუცლის არეში ტკივილი აწუხებს.
ჟაირ ბოლსონარუმ ბრაზილია ათი დღის წინ დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა. მან უარი განაცხადა გასულ კვირას ახალი პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე.
აღსანიშნავია, რომ კონგრესში ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილი აშშ-დან ბოლსონარუს გაძევებას ითხოვს.
„ბოლსონარუ არ უნდა იყოს ფლორიდაში. აშშ არ უნდა იყოს თავშესაფარი ავტორიტარისთვის, რომელიც ბრაზილიაში შიდა ტერორიზმის შთაგონება გახდა. ის ბრაზილიაში უნდა დააბრუნონ“, – განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა, ხოაკინ კასტრომ.