ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე ჟაირ ბოლსონარომ გაიმარჯვა
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე ჟაირ ბოლსონარომ გაიმარჯვა.
ბრაზილიის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლსონარომ ხმების 55 პროცენტი მიიღო, მის კონკურენტს, მემარცხენე „მშრომელთა პარტიის“ კანდიდატ ფერნანდო ჰადადს კი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 45-მა პროცენტმა მისცა ხმა.
შედეგების გამოცხადების შემდეგ, ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა დემოკრატიისა და კონსტიტუციის დამცველი იქნება.
ბოლსონაროს მოწინააღმდეგეები კი შიშობენ, რომ არმიის ყოფილმა კაპიტანმა, რომელიც ბრაზილიის წარსული სამხედრო მმართველობის მიმართ ავლენს ნოსტალგიას, შესაძლოა, მოქალაქეების თავისუფლება შეზღუდოს და საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციას. კრიტიკოსები ასევე შიშობენ საარჩევნო კამპანიის დროს ბოლსონაროს მიერ გამოთქმული ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამების გამო.
ფერნანდო ჰადადმა შედეგების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ ოპოზიციაში წასვლის პასუხისმგებლობა აქვს.
ჟაირ ბოლსონაროს გამარჯვება მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ასევე სამხრეთ ამერიკის რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერმა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბოლსონარო ბრაზილიის მოსახლეობას ქუჩებში წესრიგს, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირებასა და იარაღის ფლობაზე შეზღუდვების შემსუბუქებას დაჰპირდა. ბოლსონარომ ასევე თქვა, რომ შესაძლოა, 2015 წლის პარიზის კლიმატური შეთანხმება დატოვოს, რადგან ხელშეკრულების მოთხოვნები ამაზონის რეგიონზე ბრაზილიის სუვერენიტეტს ამცირებს.
ბოლსონაროს დაპირებით, ქვეყანას კორუმპირებული პოლიტიკოსებისგან გაწმენდს, რამაც ბრაზილიის მოსახლეობაში დადებითი შეფასება დაიმსახურა.