ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერებმა საავტომობილო გზები ჩახერგეს
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერებმა საავტომობილო გზები ჩახერგეს

ბრაზილიაში, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის, ჟაირ ბოლსონარუს მომხრეებმა საავტომობილო გზები ჩახერგეს.

როგორც ბრაზილიური მედია წერს, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები 200-მდე სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და გზებზე გადაადგილება დაბლოკეს. მათ შორის იყო დედაქალაქში მდებარე ავტომაგისტრალი და რიო დე ჟანეიროსა და სან პაულოს დამაკავშირებელი გზაც. შედეგად შეიქმნა ავტომობილების გრძელი რიგები და გადაადგილება შეიზღუდა. ბოლსონარუს მომხრეების ნაწილი არჩევნებში გამარჯვებულ ლუის ინასიო ლულა და სილვას შეურაცხყოფას აყენებდა. ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ პოლიციას ჩახერგილი გზების გახსნა დაავალა.

როგორც მედიაში იუწყებიან, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის სატვირთოების მძღოლები ჭარბობენ. ისინი ბრაზილიაში გავლენიან ჯგუფს წარმოადგენენ, რადგანაც ქვეყანაში ტვირთების უმეტესობა ავტომობილებით გადააქვთ.

შეგახსენებთ, ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ მეორე ტურის შედეგად მოიპოვა. მან ამომრჩეველთა ხმების 50.9%-ი მიიღო. მისმა მოწინააღმდეგემ, ჟაირ ბოლსონარუმ კი 49,1%. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბოლსონარუ საჯაროდ არ გამოჩენილა. მანამდე ის არ გამორიცხავდა, რომ შესაძლოა, არჩევნების შედეგები არ აღიაროს, მისი მხარდამჭერებისგან კი პუტჩისკენ მოწოდებებიც ისმოდა.