ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა. ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლულა და სილვამ მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუ დაამარცხა.

ხმების დათვლის შემდეგ, ლულა და სილვამ 50.9 პროცენტი მიიღო. დასავლური მედიის ინფორმაციით, ეს განსაცვიფრებელი დაბრუნებაა პოლიტიკოსისთვის, რომელმაც 2018 წლის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან ციხეში იმყოფებოდა. სილვა დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრაზილიური სამშენებლო ფირმისგან ქრთამის მიღებაში ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია „პეტრობრასთან“ კონტრაქტების სანაცვლოდ. ნასამართლეობის გაუქმებამდე, ლულამ ციხეში 580 დღე გაატარა.

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ჟაირ ბოლსონარუსთან დაახლოებულმა დეპუტატებმა კონგრესში უმრავლეობა მოიპოვეს, რაც ნიშნავს, რომ ლულას საკანონმდებლო ორგანოში მკაცრი წინააღმდეგობა ექნება. ლულა და სილვა პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადით, 2003 წლის იანვრიდან 2010 წლის დეკემბრამდე იკავებდა.