ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის აღარ იბრძოლებს
ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის აღარ იბრძოლებს. ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კენჭისყრისთვის საჭირო დეპუტატების მხარდაჭერის მიუხედავად, მივიდა დასკვნამდე, რომ „ეს უბრალოდ არ იქნება სწორი“, რადგან მისი თქმით, „ეფექტურ მართვას ვერ მოახერხებ, თუ არ გყავს ერთიანი პარტია პარლამენტში“.
ბორის ჯონსონის განცხადებით, კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში ჩასართვად 102 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს. პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში კანდიდატს სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კარგი შესაძლებლობა აქვს.