ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ირანში კორონავირუსით 149 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ირანში კორონავირუსით 149 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, ირანში კორონავირუსით 149 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ირანში 1 433-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რაოდენობამ ბოლო 24 საათში 1 237-ით მოიმატა. ამჟამად, ვირუსის დიაგნოზი 19 644 ადამიანს დაუსვეს.

„ბიბისის“ ცნობით, „კოვიდ-19“ ირანის 31 პროვინციაშია გავრცელებული. იტალიისა და ჩინეთის შემდეგ, ირანში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, ირანის ხელისუფლება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რეალურ მასშტაბს სავარაუდოდ მალავს. როგორც გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენიმე ირანელმა ექიმმა უთხრა, საავადმყოფოში დღეში 300 პაციენტის მიდის, რომელთაგანაც 60-70 პროცენტს კორონავირუსი აქვს, თუმცა რესურსების დეფიციტის გამო, კლინიკაში მხოლოდ კრიტიკულ მდგომაროებაში მყოფ პაციენტებს იღებენ. ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში კი, მხოლოდ საავადმყოფოში მიღებული პაციენტები ხვდებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 200 000-ს აჭარბებს. ამასთან, პირველი 100 000 ადამიანი დაავადების გავრცელებიდან სამ თვეში დაინფიცირდა, ხოლო შემდეგი 100 000 კი, 12 დღეში.