„ბლუმბერგი“ - აშშ-მა მოკავშირეებს განუცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კოსმოსში ბირთვული იარაღი წლის ბოლომდე გაუშვას
„ბლუმბერგი“ - აშშ-მა მოკავშირეებს განუცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კოსმოსში ბირთვული იარაღი წლის ბოლომდე გაუშვას

„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-მა მოკავშირე ქვეყნებს განუცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კოსმოსში წლის ბოლომდე განათავსოს ანტისატელიტური ბირთვული იარაღი.

როგორც გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, თანამგზავრების დაზიანების მიზნით, რუსეთი ავითარებს კოსმოსურ შესაძლებლობებს ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ამავე დროს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი არ გეგმავს ამ იარაღის გამოყენებას, მაგრამ არსებობს უბედური შემთხვევის რისკი, რის შედეგადაც, შესაძლოა, ბირთვული აფეთქება გავრცელდეს თანამგზავრების დაახლოებით მესამედზე და დააზიანოს საკომუნიკაციო სისტემები დედამიწაზე.

ამასთან, „ბლუმბერგი“ წერს, რომ რუსეთის მხრიდან კოსმოსური საფრთხის საკითხი, შესაძლოა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ განხილვის საგანიც გახდეს.

შეგახსენებთ, ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებისთვის დასამიზნებლად. „ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, ეს გულისხმობდა რუსეთის ძალისხმევას კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე, რომელსაც შეეძლება იმ თანამგზავრების განადგურება, რომლებიც გადამწყვეტია აშშ-ის სამოქალაქო კომუნიკაციებისთვის, ნავიგაციის, სამხედრო ოპერაციებისა და დაზვერვის მასალების შეგროვებისთვის.

რუსეთი აშშ-ის განცხადებებს განიხილავს, როგორც მცდელობას, დაარწმუნოს რესპუბლიკელები კონგრესში, დაამტკიცონ პროექტი უკრაინის დახმარებისთვის. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. „ჩვენ კოსმოსში ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რასაც სხვა ქვეყნები, მათ შორის, აშშ“, – განაცხადა პუტინმა.