ვლადიმერ პუტინი - რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ჩვენ კოსმოსში ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რასაც სხვა ქვეყნები, მათ შორის, აშშ
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ჩვენ კოსმოსში ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რასაც სხვა ქვეყნები, მათ შორის, აშშ

რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ავითარებს ბირთვულ იარაღს, რომლის განთავსებასაც კოსმოსში გეგმავს.

„ეს კითხვა ეხება დასავლეთში, მათ შორის, აშშ-ში კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით ბოლო დროს დაწყებულ ხმაურს. ჩვენი პოზიცია მკაფიო და გამჭვირვალეა, ჩვენ ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით და ახლაც წინააღმდეგი ვართ კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსების“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი კოსმოსში აკეთებს მხოლოდ იმას, რასაც აკეთებენ სხვა ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთხებული შტატები.

„კოსმოსში ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რასაც სხვა ქვეყნები, მათ შორის, აშშ. რა თქმა უნდა, მათ იციან ამის შესახებ“, – განაცხადა პუტინმა.

ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებისთვის დასამიზნებლად. „ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, ეს გულისხმობდა რუსეთის ძალისხმევას კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე, რომელსაც შეეძლება იმ თანამგზავრების განადგურება, რომლებიც გადამწყვეტია აშშ-ის სამოქალაქო კომუნიკაციებისთვის, ნავიგაციის, სამხედრო ოპერაციებისა და დაზვერვის მასალების შეგროვებისთვის.