ბიუროს სხდომაზე ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გახანგრძლივების შესახებ მომზადებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ
ბიუროს სხდომაზე ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გახანგრძლივების შესახებ მომზადებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად პროკურატურას ვადა კიდევ ხუთი წლით გაუხანგრძლივდება. საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

გამსახურდიას საქმის გამოძიების ვადა 31 დეკემბერს იწურება, რადგან არსებული კანონმდებლობით, თუ გამოძიება დანაშაულს 25 წლის განმავლობაში ვერ გახსნის, საქმეს ხანდაზმულის სტატუსი ენიჭება და იხურება.

„ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით საქმის გაგრძელების შესაძლებლობა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ პიროვნებას. ზოგადად მიმაჩნია, რომ მძიმე დანაშაულები, რომელთაც შეეფარდება 10 და მეტი წელიწადი სასჯელი, უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები ყველა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გავრცელდება, როგორიცაა – მკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ტერორისტული ხასიათის დანაშაულებები. ცვლილებების ავტორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა.

ამასთან, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები პროკურატურას ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე საზოგადოებისა და ოჯახის ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვენ. როგორც ცოტნე გამსახურდია აცხადებს, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება.