„ბიბისის“ ყოფილ წამყვან ჰაუ ედვარდსს ბავშვებისთვის უხამსი სურათების გადაღების საქმეზე ბრალი სამი მუხლით წაუყენეს
„ბიბისის“ ყოფილ წამყვან ჰაუ ედვარდსს ბავშვებისთვის უხამსი სურათების გადაღების საქმეზე ბრალი სამი მუხლით წაუყენეს

„ბიბისის“ ახალი ამბების ყოფილ ტელეწამყვანს, ჰაუ ედვარდსს ბავშვებისთვის უხამსი სურათების გადაღების საქმეზე ბრალი სამი მუხლით წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დანაშაულები, რომლებიც, სავარაუდოდ, განხორციელდა 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე, ეხება WhatsApp-ის ჩატში გაზიარებულ სურათებს“, – აღნიშნულია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ედვარდსი 2023 წლის ნოემბერში დააკავეს, ხოლო ბრალი გასულ თვეში წარუდგინეს. ყოფილ ტელეწამყვანს ბრალი ედება, რომ ის WhatsApp-ის აპლიკაციაში ინახავდა ექვსი „ა“ კატეგორიის სურათს, რომლებიც, ინგლისური სასამართლოს კლასიფიკაციის მიხედვით, ყველაზე სერიოზული კატეგორიაა, ასევე 12 სურათს „ბე“ კატეგორიიდან და 19 სურათს „ცე“ კატეგორიიდან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჰაუ ედვარდს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ედვარდსი სასამართლოში 31 ივლისს უნდა გამოცხადდეს.

ჰაუ ედვარდსი „ბიბისის“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სახე იყო. მან ერს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შესახებ აცნობა, აშუქებდა ბრიტანეთში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, მათ შორის, არჩევნებს, სამეფო ქორწილებს და 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებს. მედიის ცნობით, ედვარდსი „ბიბისის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი წამყვანი იყო. მედიის ცნობით, ედვარდსმა სამსახური ექიმის რჩევით დატოვა მას შემდეგ, რაც გაჩნდა ბრალდებები, რომ მან ახალგაზრდა გოგონას ათასობით ფუნტი გადაუხადა სექსუალური ხასიათის ფოტოებისთვის.